რამდენადაც მოვიკვლიეთ, ამ თემაზე ბიზნესი პარლამენტთანაც აპირებს კონსულტაციების გამართვას და სამუშაო ჯგუფის შეკვრას და ეს ინიციატივა, შესაძლოა, სულ მალე რეალურად დადგეს უფრო ფართო განხილვის დღის წესრიგში.
ბიზნესი უკვე კარგა ხანია ბაზარზე განჭვრეტადობის პრობლემაზე ღიად საუბრობს. კოვიდ-19-ის პირობებში კი ამას არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური გაურკვევლობაც ზედ ერთვის. ბოლო პერიოდში თამამად შეგვიძლია გავიხსენოთ ჯანდაცვის სექტორი, სულ ახლახან ელექტრონული კომუნიკაციების სექტორი და ყველაზე ადრე თამბაქოს სექტორი - ყველა ეს ინდუსტრია მხოლოდ ერთს ითხოვს: რეგულაციების გზამკვლევის თუ სამოქმედო გეგმის არსებობა, მეტი კომუნიკაცია და რეგულირების გავლენის წინასწარი შესწავლა იგივე RIA.
ერთი წლით ახალ რეგულაციებზე მორატორიუმის დაწესებამ, შესაძლოა, სწორედ ამ მიმართულებებით მეტ კომუნიკაციას შეუწყოს ხელი და შედეგად - კერძო სექტორს ახალი რეგულაციების შემოღებისთვის უფრო გამართული ინსტიტუციური ჩარჩოც მოუტანოს.