მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბიზნესი რომ ააწყო, მთავრობასთან სიტუაცია “დალაგებული” უნდა გქონდეს”- "ტერა ბილდინგი"

61549a9fed435
ანუკა ჯოხაძე
30.09.21 00:00
598
საქართველოში ისეთი ბიზნესგარემოა, რომელიც ქართველ ინვესტორებს $100 მლნ-ის ინვესტირების ხალისს უჩენს,- ეს განცხადება გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. მინისტრის განცხადებას კრიტიკულად აფასებს სამშენებლო კომპანია "ტერა ბილდინგის" დამფუძნებელი ლელა მაზანაშვილი.

როგორც მაზანაშვილი ამბობს, ქვეყანაში დღეს შერჩევითი სამართალი მოქმედებს. "ტერა ბილდინგის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ არიან კომპანიები, რომლებსაც მთავრობისგან მწვანე შუქი აქვთ ანთებული და მათთვის ბიზნეს გარემო ხელსაყრელია, თუმცა მისი თქმით, ეს ყველა ბიზნესმენის შემთხვევაში არ ხდება.
შესაბამისად, მაზანაშვილის თქმით, იქამდე სანამ შერჩევითი სამართალი ქვეყანაში არ დასრულდება, ბიზნესები მსხვილი პროექტების განხორციელებას ვერ გარისკავენ.

“ნამახვანჰესის პროექტზე, რაც მოხდა, ამის შემდეგ ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, სხვა ინვესტორი ქვეყანაში სიხარულით როგორ უნდა მოვიდეს. ეს არის წინააღმდეგობა და ხელისშემშლელი პირობა სხვა ინვესტორისთვის, რომელსაც ის გაითვალისწინებს. თუმცა არიან სხვა ინვესტორები, მაგალითად ბათუმში, სადაც ახლა ერთ-ერთ მსხვილ, 100-მილიონიან პროექტს ქართველი ბიზნესმენი ახორციელებს. მას ალბათ მთავრობასთან დალაგებული აქვს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დალაგებული უნდა გქონდეს მთავრობასთან სიტუაცია, რომ ბიზნესი ააწყო. ჩემს სექტორშიც, არიან სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ძალიან კარგად გრძნობენ თავს. ეს კომპანიები ამბობენ, რომ 14 ობიექტს ერთდროულად აშენებენ, ის კარგად გრძნობს თავს და მისთვის ბიზნეს გარემოს იდეალურია. თუმცა რატომ შერჩევითი გარემო ეს უკვე არ ვიცი", - აცხადებს სამშენებლო კომპანია "ტერა ბილდინგის" დამფუძნებელი ლელა მაზანაშვილი.

ცნობისთვის, კომპანია "ტერა ბილდინგმა" 2017 წელს ჟვანიას ქუჩაზე თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ტერიტორია მასზედ მშენებლობის მიზნით შეიძინა, დღემდე კი მის გამოყენებას ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის გენერალური რეგულირების გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაშვებული იყო მშენებლობა, მერიაში კომპანიას უთხრეს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა არ შეიძლება. კომპანიამ თბილისის მერიას სასამართლოში უჩივლა, თუმცა საქმე დღემდე სასამართლოშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები