ბიზნესი საგადასახადო სასამართლოს შექმნას არჩევნების შემდეგ ელოდება. „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ სპეციალიზებული სასამართლოს შექმნას საკმაოდ დიდი დრო და საფუძვლიანი მომზადება სჭირდება, ამიტომ მისი 2-3 თვეში ჩამოყალიბების მოლოდინი არ ჰქონიათ.
„კარგია ინიციატივა, რომ დამუშავდეს სპეციალიზებული სასამართლო სადაც მოხდება ბიზნეს დავების განხილვა, რაც ბევრ პრობლემას მოხსნის. თუმცა, ამ ინიციატივას სჭირდება საფუძვლიანი მომზადება, შესაბამისად, ამ პარლამენტის პერიოდში ვერ მოესწრებოდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფრის განხილვა, კანონპროექტის მომზადება და ინიცირება არჩვენების შემდეგ, ახალი პარლამენტის პირობებში იქნება შესაძლებელი“,- აცხადებს ირაკლი ასლანიშვილი.
საგადასახადო სასამართლოს ამოქმედების ინიციატივის შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. ეკონომიკურ კონფერენციაზე, რომელიც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა, მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ და ითქვა, რომ ხელისუფლება მუშაობს სპეციალიზირებული საგადასახადო სასამართლოს შექმნის იდეაზე.

























