საქართველოს მორაგებთა ნაკრების ლიდერის დავით ნინიაშვილის შემდეგ, სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ტექტო ჯგუფის“ ამბასადორი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გახდა.
ქართული სპორტის განვითარებასა და კერძო სექტორის ჩართვის მნიშვნელობაზე გაფრინდაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ისაუბრა. მისი შეფასებით, ბიზნესი სპორტის განვითარების მიმართულებით ნაკლებად აქტიურობს.
„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სპორტის ხელშეწყობისთვის, მაგრამ კერძო ბიზნესი ფრთხილობს და სკეპტიკურად უყურებს. ჯერჯერობით არ არის აქტიური და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია კომპანია „ტექტი ჯგუფის“ აქტიურობა. მათ ბევრი პროექტი აქვთ, აქვთ მზაობა რომ სპორტის სამსახურში დადგნენ, რაც ძალიან მისასალმებელია. ვიცი რომ აპირებენ ჭადრაკთან ასოცირებული პროექტის შექმნას, კომპანიის დამფუძნებელმა ერეკლე ქაჯაიამ გამაცნო თავისი კონცეფცია რამაც დამაინტერესა.
სპორტი იყო, არის და იქნება ქვეყნის სამსახურში. დიდ სპორტულ წარმატებას აქვს საოცარი გავლენა ადამიანების გაერთიანების მიმართულებით, რომელიც ასე გვაკლია. გარდა ამისა, ეს არის უდიდესი პროპაგანდა და ეს ეხება ყველა ქვეყანას, ამიტომ აქვს ასეთი დიდი მნიშვნელობა ოლიმპიადებს.
მინდა ვისურვო, რომ კერძო სექტორი ხელისუფლებასთან ერთად ჩამდგარიყო სპორტის სამსახურში , მერწმუნეთ ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება სპორტული წარმატება.“ - განაცხადა გაფრინდაშვილმა.