კომპანია "დიო"-ს დაგეგმილი აქვს მის კუთვნილ მიწაზე ააშენოს ახალი საგამოფენო ცენტრი და ოფისები. არსებული პროექტი, ქალაქის არქიტექტურის სამსახურში კომპანიას 2 თვეზე მეტია შეტანილი აქვს, თუმცა ნებართვის მიღება ამ დრომდე ვერ ხერხდება. თამაზ დაუშვილის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ არქიტექტურის სამსახურში გარკვეული პრობლემები არსებობს.
"უკვე მესამედ მოხდა, ნებართვის დახარვეზება, მესმის, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და თავიდანვე სრულყოფილი პროექტის შეტანა ვერ ხერხდება, თუმცა აქ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არქიტექტურის სამსახურიდან ჩვენ ყოველ ჯერზე ვიღებთ სხვადასხვა ტიპის ხარვეზებს, როცა შეიძლება რომ პირველივე ჯერზე მომხდარიყო მთელი ხარვეზების ჩამოყალიბება და შესაბამისად ჩვენ უფრო მოკლე დროში შევძლებდით ამ პროცესის დასრულებას. მე მრჩება შთაბეჭდილება რომ გარკვეული პრობლემები არსებობს აღნიშნულ სამსახურში და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუკი ამ სამსახურის შესაბამისი ხელმძღვანელები მიაქცევენ ყურადღებას", - აცხადებს BMG -სთან კომპანია „დიო“-ს დამფუძნებელი თამაზ დაუშვილი.

























