ბიზნესი ავტომობილების ინსპექტირების საფასურის ზრდას ითხოვს, რითაც, ერთი მხრივ, კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი, ცენტრების გადაიარაღებას და სტანდარტიზაციას შეძლებს - ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა განაცხადა.
" ტექინსპექტირების ცენტრების წინაშე, რეალურ მწვავე პრობლემად დგას კვალიფიციური ინსპექტორების შენარჩუნება. ეს პირდაპირ დაკავშირებულია იმ საფასურთან, რომელიც დღეს ინსპექტირებაზეა დაწესებული. იმ საფასურით, ინსპექტირების ცენტრებს უჭირთ კვალიფიციური პერსონალის შენარჩუნება.
არის მეორე კომპონენტიც, ინსპექტირების რეფორმის დაწყებიდან გავიდა 5 წელი, ამიტომ ტექნიკურ აღჭურვასაც სჭირდება უკვე განახლება. ესეც დაკავშირებულია ხარჯებთან. ბიზნესის დიდი ნაწილი 5 წლის წინ ჩაერთო გარკვეულწილად სესხებით. მაშინ, ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით საერთოდ სხვა იყო. ამიტომ, პრობლემების წინაშე დადგნენ ინსპექტირების ცენტრები. გამოსავალი იმაში უნდა მოიძებნოს, რომ საფასური გაიზარდოს. ეს სურს ახლა სექტორს, რადგან ავტომობილთან დაკავშირებული ყველა სერვისის საფასური გაიზარდა, რეგისტრაციიდან დაწყებული ავტონაწილებით დასრულებული. ამიტომ, ინსპექტირების ცენტრების წინაშე დგას ახლა ეს ამოცანა, რომ საფასური გაიზარდოს და მოხმარდეს კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას და ცენტრების გადაიარაღებას.
კონსულტაციები უწყვეტ რეჟიმშია სახელმწიფო სტრუქტურებთან და განხილვის ეტაპზეა. რამე, კონკრეტული გადაწყვეტილება ამ კუთხით არ არის", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.
ცნობისათვის, ამ დროისთვის ცენტრებში მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერების საფასური 60 ლარს შეადგენს.