მონაცემთა ანალიტიკოსი ცვატა ბერძენიშვილი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და აღნიშნავს, რომ დღეს, ბიზნესი იმაზე აქტიურია, ვიდრე ეს კერძო სექტორისგან იყო მოსალოდნელი. მან ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში განაცხადა.
"ბიზნესი უფრო მეტად აქტიურია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. როგორც წესი, საქართველოში, ბიზნესი ერიდება მოქმედ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას, მსუბუქ დაპირისპირებასაც ვგულისხმობ, რისი ბევრი მიზეზიცაა და გასაგებია, რატომაც ერიდებიან ჩვენნაირ ქვეყანაში. როგორც აღმოჩნდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის საქართველოში ათასობით ბიზნესი, მსხვილიც, საშუალოც, მცირეც, რომელიც არა თუ აქტიურად აფიქსირებს განსხვავებულ აზრს, არამედ საქმეშიც ავლენს ამ აზრს, დაფინანსების, გაფიცვის, მატერიალური ხელშეწყობის მიმართულებით და ა.შ.", - განაცხადა ცვატა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებმა საზოგადოებას მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა, რომ ეგზისტენციალური საფრთხის დროს, განსხვავებულ ადამიანებს ერთად დგომა შეუძლიათ.
"ასეთი პროტესტის გამოცდილება, ასეთი ხანგრძლივობით, აქამდე არ გვქონია. შეიძლება მხოლოდ 2003 წელს, 23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა. ის ვნახეთ, როგორ დასრულდა, ეს როგორ დასრულდება არ ვიცი, მაგრამ ბოლო 20 წელია, ასეთი პროტესტი, ასეთი ხალხმრავალი, არ გვქონია. ასეთი მოცემულობა საქართველოში ბევრი არ გვქონია, ამიტომ შესადარებლად ბევრი არაფერი გვაქვს, შეგვიძლია, მხოლოდ იმედები და მოლოდინები ვიქონიოთ, რომ ყველაფერი დასრულდება პოზიტიურად.
აქციების დროს მგონია, ვისწავლეთ, რომ განსხვავებულ ადამიანებს, რომლებსაც რიგ საკითხებზე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება გვაქვს, როდესაც არის ეგზისტენციალური საფრთხე, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ დევს სასწორზე, მაინც შეგვიძლია ერთად დადგომა. ერთად დგანან რადიკალი მემარჯვენეები და მემარცხენეები, ჰომოფობები და გეები, ფემინისტები და სექსისტები, ადამიანები, რომლებსაც სხვა პირობებში დიდად ერთმანეთის ატანა არ აქვთ, მაგრამ ახლა მოახერხეს ის, რომ ერთად იდგნენ და აქციები მაინც იყოს მშვიდობიანი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.