მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესი უნდა გააქტიურდეს, ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს"

5d0caebba5b33
ნინი ლონგურაშვილი
21.06.19 14:15
1201
კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების დარბევა.

“ეს სიტუაცია ბიზნეს სფეროს არ წაადგება”,- ამბობს ვაშაკიძე.

მისივე შეფასებით, ბიზნესი სათანადოდ არ აქტიურობს რათა ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდინოს და ათვისებულ მხოლოდ რუსეთის ბაზარი არ იყოს.

რევაზ ვაშაკიძის თქმით, ბიზნესი უნდა გააქტიურდეს, რადგან “ევროკავშირში უფრო მეტი ფული კეთდება” და ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს.

“ამაში მთავრობას ვერ დავადანაშაულებ, ეს ბიზნესის გასაკეთებელია”,- ამბობს ბიზნესმენი.

გუშინ რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა თბილისში საპარლამენტო ასამბლეისა ჩაშლის შემდეგ, რომელსაც ის თავად უძღვებოდა, განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ყველა მოლაპარაკება ჩაშლის საფრთხის ქვეშაა. ამის პარალელურად კი ბოლო მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი გახდა, 2019 წელს ზრდა 27.9%-ია.

20 ივნისს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი გაუძღვა. მან პარლამენტის სპიკერის სკამი დაიკავა, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათ ასამბლეის წევრებს აღარ მისცეს სესიის გაგრძელების საშუალება, რის შემდეგაც ღონისძიებამ სასტუმრო “რადისონში” გადაინაცვლა. თუმცა, აქაც არ ჩატარებულა და რუსეთის დუმის დეპუტატებმა მალევე საქართველო დატოვეს. ღონისძიების პარლამენტში ჩატარებას მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტიც, რომელმაც გუშინ ღამით პარლამენტის მიმდებარედ გადაინაცვლა. მომიტინგეების მოთხოვნა იყო, “ქართულ ოცნებას” აეღო მომხდარზე პასუხისმგებლობა. აქტივისტების ნაწილმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მოწოდების შემდეგ პარლამენტის შენობის დაკავება სცადა, რასაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოჰყვა. სიტუაცია მოგვიანებით კიდევ უფრო დაიძაბა, აქციის დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დაშავებულია ათობით ადამიანი. დაკავებულების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არის ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები