მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესი ყოველთვის რეგულაციების წინააღმდეგია, ისედაც ბევრი რეგულაციაა - "დეილი ჯგუფი"

დავით კუხალაშვილი

ბიზნესი ყოველთვის რეგულაციების წინააღმდეგია, ისედაც ბევრი რეგულაციებია - ამის შესახებ BMG-სთან „დეილი ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი დავით კუხალაშვილი აცხადებს. კითხვაზე, მისაღებია თუ არა რითეილერებისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება, „დეილი ჯგუფის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ჯერჯერობით, რეგულაციის დეტალები მათთვის უცნობია.

“ჯერ არ ვიცით რა არის ბოლო შემოთავაზება. ბიზნესი, ყოველთვის, რეგულაციების წინააღმდეგია, ისედაც ბევრი რეგულაციაა. თუმცა, ნებისმიერი რეგულაცია, რაც პირიქით, სიკეთის მომტანია და მისაღებია საზოგადოებისთვის, მისაღებია ბიზნესისთვის” - აცხადებს დავით კუხალაშვილი BMG-სთან.

სახელმწიფო რითეილ სექტორში ხელშეკრულებების სტანდარტიზაციას და რეგულაციების შემოტანას აპირებს. ამის შესახებ ფასების საპარლამენტო კომისიის სხდომიდან გახდა ცნობილი, სადაც, ოთხი მსხვილი საცალო ქსელის წარმომადგენლებს მოუსმინეს. კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ სექტორში საჭიროა კონტრაქტების სტანდარტიზება, კონსიგნაციის პირობების განსაზღვრა და გამჭვირვალე კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა.

“ჩვენი მიზანია, რომ რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ სექტორის, ისე რომ ეს იყოს სამართლიანი ჯაჭვში მონაწილე ყველა რგოლისთვის და არსებობდეს ზედამხედველობის და მონიტორინგის საშუალება. ეს საერთო ჯამში მიგვიყვანს იქ, რომ გააჯანსაღებს სექტორს, უფრო გასაგებს, უფრო გამჭვირვალეს გახდის - ყველას გვინდა, რომ გამჭვირვალე იყოს - და საერთო ჯამში დადებითად აისახება კონკურენციაზე” - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები