ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონი 5 თებერვალს ზამთრის პაუზის შემდეგ A და B ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრებით განახლდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საინტერესო და დაძაბული მატჩები გაიმართა.
დღე A ჯგუფის მეხუთე ტურით დაიწყო. „ქართუ ბანკი“ „საქართველოს ბანკს“ დაუპირისპირდა, 3-2 იმარჯვა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა. „ქართუ“-მ პირველი ტაიმი იაკობ გოგოლაძის დუბლით მოიგო. მეტოქემ მეორე ნახევარში წონასწორობა აღადგინა. ოცდამეთოთხმეტე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
ჯგუფის სხვა შეხვედრაში „შინაგან საქმეთა სამინისტრო“-ს გუნდი „დიპლომატ ჯორჯია“-ს დაუპირისპირდა, 2-0 მოიგო და წაუგებელ სერიას აგრძელებს. „შსს“-მ ორივე ტაიმში თითო გოლი გაიტანა თამაშის ბოლომდე კარი მშრალად შეინახა და მორიგი სამი ქულა მოიპოვა.
მარტივი გამარჯვება იზეიმა „ბეთლაივმა“ „ჯორჯიან მანგანეზთან“, „ბუკმეიკერებმა“ მეტოქე 3-0 დაამარცხეს.
A ჯგუფის მეხუთე ტურის დასკვნით მატჩში „არმია“ და „კროკობეთი“ ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 1-1. დაძაბული მატჩის პირველი ნახევარი გოლის გარეშე მიილია. ოცდამესამე წუთზე „ბუკმეიკერები“ დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში „არმიელებმა“ წონასწორობა აღადგინეს, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა. ამ შედეგით „კროკობეთმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა.
„ენერგო პრომ“ „ლიბერთი ბანკთან“ 5-2 იმარჯვა და B ჯგუფში ლიდერობას უდანაკარგოდ აგრძელებს. „ბანკირებმა“ შეხვედრაში წონასწორობა ორჯერ აღადგინეს (1-1; 2-2), მაგრამ ოცდამეთორმეტე წუთზე „ენერგეტიკოსები“ დაწინაურდნენ და თამაშის ბოლომდე სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდეს.
ჯგუფის დასკვნით მატჩში „ფარვანამ“ „მეამა“ დამაჯერებელი ანგარიშით 5-0 დაამარცხა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 12 თებერვალს გაიმართება.

























