მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში A და B ჯგუფის მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა

6406fae2994bd
BM.GE
07.03.23 12:54
542
5 მარტს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის A და B ჯგუფის მეშვიდე ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

სათამაშო დღე B ჯგუფით დაიწყო. სასტარტო მატჩში „მეამა“-მ „ენ ეს სტუდიო“ 4-3 დაამარცხა და მეტოქის ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. გუნდებმა მეთექვსემეტე წუთამდე თითო ბურთი გაცვალეს. ტაიმის მიწურულს „მეამა“-მ შვიდმეტრიანი ჯარიმა მოიპოვა, რომელიც შედეგიანად გამოიყენა და წინ გავიდა, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმია.

ჩემპიონატის უდანაკარგო ლიდერმა, „ენერგო-პრომ“, „დიეიჩელთან“-თან დაძაბულ დაპირისპირებაში მორიგი სამი ქულა მიითვალა. პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. „ენერგეტიკოსები“ მეორე ტაიმში ორი ბურთით გავიდნენ წინ. მიღებულ მეორე გოლს „დიეიჩელმა“ მალევე უპასუხა და წონასწორობაც აღადგინა, მაგრამ ბოლო წუთზე „ენერგო-პრო“-მ გამარჯვების გოლი გაიტანა და მეტოქე 3-2 დაამარცხა.
„ავერსმა“ „სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს დიდი ანგარიშით 9-1 სძლია. პირველი ტაიმი „ფარმაცევტებმა“ ორი უპასუხო გოლით მოიგეს და დარჩენილ დროშიც სრულად დომინირებდნენ.

ტურის დასკვნით მატჩში „რუსთავის აზოტმა“ „ფარვანა“-სთან გარდამავალ უპირატესობაში 4-3 იმარჯვა. შეხვედრაში ანგარიში ორჯერ გათანაბრდა, რის შემდეგაც „რუსთავმა“ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. „ფარვანამ“ მატჩის ბოლომდე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

A ჯგუფში „შინაგან საქმეთა სამინისტრო“-ს გუნდმა „ჯორჯიან მანგანეზს“ მძიმე პირველი ტაიმის შემდეგ კომფორტული უპირატესობით 5-1 აჯობა.

„საქართველოს ბანკმა“ პირველი გამარჯვება „ნიკორა“-სთან დაძაბულ ბრძოლაში იზეიმა. „ბანკირები“ პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთით იგებდნენ. ოცდამეოთხე წუთზე „ნიკორა“-მ ერთი ბურთი გაქვითა. მალევე „საქართველოს ბანკმა“ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. დარჩენილ დროში სხვაობის მინიმუმამდე შემცირება „ნიკორა“-მ კიდევ ერთხელ შეძლო, მაგრამ ქულა ვერ გადაარჩინა და 3-2 დამარცხდა.

სათამაშო დღის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „კროკობეთი“ და „ბეთლაივი“ დაუპირისპირდნენ. სანახაობრივ შეხვედრაში „კროკობეთი“ წინ მესამე წუთზე გავიდა. ტაიმის ბოლომდე მეტოქემ წონასწორობა აღადგინა. გუნდები დარჩენილი დრო ინტენსიურად უტევდნენ, მაგრამ ანგარიშის შეცვლა ვერც ერთმა შეძლო და საბოლოოდ „ბუკმეკერების“ დერბი ფრედ 1-1 დასრულდა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 12 მარტს გაიმართება.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები