27 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის A და B ჯგუფის, საკვალიფიკაციო ლიგის და გრანდ ლიგის შეხვედრები გაიმართა.
სათამაშო დღე საკვალიფიკაციო ლიგით დაიწყო. „ლაქტალისმა“ უშუალო კონკურენტი „შიშეჯამი“ 3:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. შეხვედრის მერვე წუთზე „შიშეჯამი“ დაწინაურდა, მაგრამ „ლაქტალისმა“ მალევე აღადგინა წონასწორობა და უპირატესობაც მოიპოვა. ლიგის სხვა შეხვედრაში „უკრაინამ“ „BMG“-სთან კომფორტული სხვაობით 9:2 იმარჯვა. „ბაზის ბანკმა“ კი „ჯაოკენს“ ოთხი უპასუხო გოლით მოუგო (4:0).
გრანდ ლიგის მეორე ტურში ერთმანეთს „ელპოზო“ და „არმია“ დაუპირისპირდნენ. „ძალოვნებმა“ მეტოქე 5:1 დაამარცხეს და პირველი სამი ქულა მიითვალეს. „ბაქსვუდმა“ McGill-თან 4:1 იმარჯვა და ორიდან ორი მოგებით სატურნიროცხრილის ლიდერად რჩება. მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. ოცდამეხუთე წუთზე „ბაქსვუდი“ წინ გავიდა და თამაშის ბოლომდე სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
დაძაბული და სანახაობრივი იყო A ჯგუფის შეხვედრა „ნიკორასა“ და „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ გუნდებს შორის. „ნიკორა“ მეთხუთმეტე წუთზე სამი უპასუხო გოლით იგებდა, მაგრამ ტაიმის ბოლომდე ერთწუთიან ინტერვალში „შსს“-მ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. შესვენების შემდეგ თამაშის განახლებისთანავე „ძლოვნებმა“ წონასწორბა აღადგინეს და წინ გაიჭრნენ, რის შემდგაც უპირატესობა აღარ დაუთმიათ და საბოლოოდ 6:4 იმარჯვეს.
ერთი შეხვედრა გაიმართა B ჯგუფშიც. „სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ „ლიბერთი ბანს“ 6:2 სძლია, სატურნირო ცხრილში ადგილი ოთხი პოზიციით გაიუმჯობესა და მეორეზე გადავიდა. სამბურთიანი ჩამორჩენით პირველი ტაიმის წაგების შემდეგ ლიბერთი ბანკმა მეორე ნახევრის სტარტზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ GSE კვლავ წინ გავიდა და მეტოქე მეტად ვეღარ მიუახლოვდა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტე სეზონის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 4 დეკემბერს გაიმართება.
NS




























