მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე წლის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა

BM.GE

20.12.22 15:37 396 ნახვა

18 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის წლის ბოლო სათამაშო დღე გაიმართა. ერთმანეთს A და B ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდნენ.

დღე B ჯგუფით დაიწყო. „ენერგო-პრომ“ „რუსთავის აზოტი“ 4:2 დაამარცხა და სამიდან სამი მოგებით სატურნირო ცხრილში ლიდერობას ინარჩუნებს. „ენერგეტიკოსები“ ოცდამეათე წუთამდე სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მეტოქემ ორი ბურთის გაქვითვა დარჩენილ დროში შეძლო.

მეოთხე ტურის მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა „მეამამ“, რომელმაც „ლიბერთი ბანკს“ დაძაბულ ბრძოლაში 4:3 სძლია. მეოთხე წუთზე ანგარიში „მეამამ“ გახსნა, მალევე „ბანკირებმა“ წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ ტაიმის ბოლომდე „მეამა“ კვლავ დაწინაურდა და მეტოქის მცდელობების მიუხედავად, უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

დიდი ანგარიშით მოუგო „სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდმა“ DHL-ს. GSE-მ მოწინააღმდეგეს უშანსოდ მოუგო, ანგარიშით 11:3.

B ჯგუფი „ავერსისა“ და „ფარვანას“ მატჩით დასრულდა. „ფარვანამ“ სანახაობრივ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით 2:1 იმარჯვა. პირველ ტაიმში გუნდები ფრეზე გაიყარნენ, გამარჯვების გოლი „ფარვანამ“ ოცდამეთხუთმეტე წუთზე გაიტანა.

მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა A ჯგუფშიც. „შინაგან საქმეთა სამინისტრო“ კვლავ დაუმარცხებელია. „ძალოვნებმა“ ამჯერად „ბეთლაივს“ აჯობეს. „შსს“-მ მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლით მოუგო.
მინიმალური ანგარიშით, 1:0, დაამარცხა „ჯორჯიან მანგანეზმა“ „საქართველოს ბანკი“ და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა. მატჩის ერთადერთი გოლი მეთვრამეტე წუთზე გავიდა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა.

ტურის სხვა შეხვედრაში „არმიამ“ „ბანკი ქართუს“ კომფორტული უპირატესობით 6:1 სძლია. მთელი თამაში „ძალოვნების“ დომინაციით მიმდინარეობდა და გუნდმა აქტივში მორიგი ქულები მიითვალა.

წლის ბოლო დაპირისპირებაში „კროკობეთმა“ „ნიკორასთან“ 2:0 იმარჯვა. „ბუკმეიკერებმა“ მეტოქეს ორივე ტაიმში თითო გოლი გაუტანეს და უდანაკარგოდ ასპარეზობას აგრძელებენ.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტე სეზონი ზამთრის შესვენების შემდეგ განახლდება.
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები