მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესის გადასაწყვეტია რამდენი მაღაზია ექნება" - აკაკი ახვლედიანი

აკაკი ახვლედიანი

„აგროჰაბის“ და "მზიურის" დამფუძნებელი, აკაკი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ბაზარზე ქსელების გაფართოება ბუნებრივი ბიზნესპროცესია და მნიშვნელოვანია სექტორში „თამაშის წესების“ სწორად განსაზღვრა.

როგორც ახვლედიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემაში "დებატები" განმარტა, ბიზნესის გადასაწყვეტია, რამდენ ფილიალს ფლობს ის ბაზარზე, თუმცა მთავარი აქცენტი მიწოდების ჯაჭვში ინტერესთა ბალანსზე უნდა გაკეთდეს.

"ის, რომ ქსელები ვითარდებიან ამაში მე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, რა თქმა უნდა, ეს ბიზნესია და მას ათი მაღაზია ექნება, თუ ასი მაღაზია, მისი გადასაწყვეტია. ჩემს შემთხვევაში, პირადად სულ გვაქვს საქართველოში ცხრა მაღაზია, ისიც შარშან გავხსენით სამი მაღაზია აგროჰაბის, ექვსი მაღაზიით ვიყავით წარმოდგენილი აქამდე, მაგრამ ეს არის ბიზნესის გადასაწყვეტი რამდენი მაღაზია ექნება.

რაც შეეხება ურთიერთობას ადგილობრივ მეწარმეებთან, ჩვენს შემთხვევაში ბრუნვის 40% ადგილობრივი პროდუქციაა, რომელსაც ვიღებთ ფერმერებისგან.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ერთიანი ჯაჭვი, ეს იქნება დისტრიბუტორი, მწარმოებელი თუ სხვა უნდა იქნას ბალანსი დაცული და არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ რითეილერი არის მონსტრი, რომელიც ამას ყველაფერს ხელს უშლის. აქ [მიწოდების ჯაჭვში] სეგმენტაციაა გასაკეთებელი. სწორედ ის კომისია, რომელიც შეიქმნა და მუშა შეხვედრები, რომელიც გვქონდა მთავრობასთან ამას ემსახურება, რომ ჩვენ დავიცვათ ყველას ინტერესი", - თქვა აკაკი ახვლედიანმა.

როგორც მან "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემაში "დებატები" განმარტა, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, საიდან წარმოიქმნება მაღალი ფასნამატი და ეს თუ მაგალითის სახით, ციფრებით არ ჩაიშალა, შეიძლება ზოგადი საუბარი გამოვიდეს.

"სახელმწიფოს როლი არ უნდა იყოს ფასების რეგულირება, არამედ უნდა იყოს სამართლიანი "თამაშის წესების" დადგენა. მინდა, საზოგადოებამ გაიგოს, საიდან წარმოიქმნება ეს მაღალი ფასნამატი და ეს თუ, მაგალითის სახით, ჩვენ ციფრებით არ ჩავშალეთ, შეიძლება ზოგადი საუბარი გამოგვივიდეს", - განაცხადა ახვლედიანმა.

რითეილ სექტორში არსებულ დინამიკას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილიც. მისი თქმით, სახელმწიფო აკვირდება ბაზარზე მცირე და ქსელური ობიექტების თანაარსებობის მოდელს.

"ერთი უბანი ერთი მარკეტის პრინციპი მუშაობს ამდაგვარად, რომ ერთი მხრივ, ცენტრალურ უბნებში მეტ-ნაკლებად უფრო წახალისებულია ადგილობრივი ე.წ. უბნის მარკეტები და ცენტრალური ქუჩების გარეთ უკვე უფრო მეტად ვხედავთ ქსელურ მარკეტებს." - განმარტა ქვრივიშვილმა.

გადაცემაში გაჟღერდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა სურსათზე, ასევე, საწვავსა და მედიკამენტებზე ფასების შემცირების მიზნით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები