გადახდისუუნარობის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად ძლიერდება მმართველების როლი, აღნიშნულიდან გამომდინარე კი როგორც იურიდიული ფირმა BLC-ის პარტნიორი გიგა ბათლიძე განმარტავს, საჭირო გახდა ზემოთხსენებული მმართველების ერთობლივ სისტემაში მოქცევა. სწორედ ამიტომ ფუძნდება ასოციაცია, რომლის საინიციატივო ჯგუფიც, ისევე როგორც წესდება უკვე შექმნილია.
„ეს ასოციაცია გადახდისუუნარობის სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსებს გააერთიანებს და იმ იდეების შემკრები იქნება, რომელიც გადახდისუუნარობის პროცესს შეეხება. დაგეგმილი გვაქვს, რომ მემორანდუმი გავაფორმოთ იუსტიციის სამინისტროსთან, აგრეთვე ასოციაციის შიგნით შევიმუშავოთ აკრედიტაციის მექანიზმები ჩვენი წევრი პრაქტიკოსი იურისტებისთვის, რათა შემდგომ სასამართლომ უფრო მეტი ნდობით შეხედოს მათ. შევიმუშავებთ ეთიკის წესებსაც. ასოციაციის უპირატესობა ის იქნება, რომ გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ერთი ორგანიზაციის ქვეშ მოექცევა, რომელიც ერთი ხმით ილაპარაკებს „ - აცხადებს გიგა ბათლიძე.
საინიციატივო ჯგუფი, იურისტის თქმით, ათზე მეტი ადამიანით არის დაკომპლექტებული, თუმცა ინტერესი საკმაოდ დიდია. აგრეთვე დიდია დინორი ორგანიზაციების დაინტერესებაც, რაც შესაბამისად გადახდისუუნარობის სფეროში როგორც მომსახურების, ისე პრაქტიკოსთა კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. გადახდისუუნარობის რეფორმის აქტიური მხარდამჭერები არიან USAID -ის პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“ G4G და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ.
გიგა ბათლიძე bm.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ზემოთხსენებულ პრაქტიკოსებს შესაძლოა სხვა როლიც ჰქონდეთ მმართველობის გარდა, როგორიც არის თუნდაც ზედამხედველის ან კრედიტორის კონსულტანტის როლი. ასოციაციის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გაიმართება.

























