საქსტატის წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს ეკონომიკის ზრდა 2,7% იყო, დეკემბერში კი ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა მინიმალური მაჩვენებელი 0,3% შეადგინა. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საუბრობს.
- ბატონო რომან, ელოდით თუ არა მსგავს შედეგს?
- რა თქმა უნდა, ეს ის შედეგი არ არის, რომლითაც აღფრთოვანებული ვართ. მიზეზებს რაც შეეხება, ამ თემასთან დაბრუნება სამჯერ მოგვიწია. ეს ისეთი თემებია, როგორიც იყო მთავრობის დამტკიცება, ბიუჯეტის დამტკიცება, აქციზებზე გადასახადების გაზრდა, რაც ყოველთვის ითხოვდა იმის განმარტებას, თუ რატომ არის ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ასეთი, როგორიც არის. აქ შეიძლება ერთი და იგივეს გამეორება სასიამოვნო არ არის იმ ადამიანებისთვის, რომელთა მდგომარეობა ძალიან რთულია, მაგრამ დასახელდა საგარეო ფაქტორები, ანუ ჩვენი ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებული მდგომარეობა. ეს მდგომარეობა კი იმას ნიშნავს, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ექსპორტი სხვადასხვა მიმართულებით გაიზარდა, რა თქმა უნდა, გაიზარდა. სხვადასხვა სეგმენტში თუ 15% და 20%-ით გაიზარდა და ამან სწორედ ამ ფაქტორების გამო ვერ შეძლო მიმდინარე ბალანსზე ისეთი ზემოქმედება, რომ ჩვენ სხვა სურათი მიგვეღო, ცხადია, ეს საკმარისი არ იყო და 15%-ით კი არა 50%-ით უნდა გაზრდილიყო. ჩვენ კი მიზეზები რამდენად ობიექტური იყო თუ სუბიექტური, სწორედ ამაში უნდა ჩავიხედოთ და დავინახოთ რაშია პერსპექტივა. ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ თუ ზრდა არ იყო თვითონ ბიზნესების მხარდაჭერის და მეტი გაყიდვები და წარმოება ვერ შეძლეს, ცხადია იმის თქმა, რომ მხოლოდ საგარეო ფაქტორებია და სხვა მხრივ ცამდე მართალი ვიყავით, ეს სწორი არ იქნება.
- თქვენ ისევ გარე ფაქტორებზე აკეთებთ აქცენტს, ფიქრობთ, რომ ის ასრულებს გადამწყვეტ როლს?
- მე აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რომ როდესაც საგარეო ფაქტორი ისეთია, როგორიც იყო, ესე იგი, უფრო აქტიურად უნდა გვეწარმოებინა და 15% კი არა 50% უნდა ყოფილიყო და მაშინ მივიღებდით იმას, რაც უნდა მიგვეღო. ის პროგრამები, რომლებიც ბიზნესის წახალისებისკენ იყო მიმართული, გამოდის, რომ საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა ამ ყველაფერს თავისი ობიექტური მიზეზებიც ქონდა. განსხვავებას ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ამ სიტუაციებს უყურებდნენ, მე ობიექტურად ვაფასებ. ჩემი შეფასება ასეთია, რა თქმა უნდა, საგარეო ფაქტორი მონაწილეობდა, მაგრამ მეტი აქტიურობა იყო საჭირო იმისათვის, რომ მეტი პროდუქცია გვეწარმოებინა და უფრო მეტი მომსახურება ყოფილიყო.
- როგორ ფიქრობთ, რა არის ის კონკრეტული პუნქტები, რომელიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერია და დოკუმენტის სახით თუ გინახავთ ეს 4 პუნქტიანი გეგმა?
- ჩვენთან ნამდვილად არ არის ის განცდა, რომ ყველაფერს საგარეო ფაქტორებზე ვაგებთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ თვითკრიტიკულებიც ვიყოთ და ის ძირითადი მომენტები დავინახოთ, რის გამოც ეს შედეგი ნამდვილად არ არის სახარბიელო. ორი თემაა მნიშვნელოვანი. პირველი ის თუ რა გზით მივდივართ და რამდენად არის ეს სწორი და მერე ამ გზაზე ნაბიჯების სისწრაფესაც აქვს მნიშვნელობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი იმ მიზანთან მიმართებაში რომ სწორია ჩვენი ნაბიჯები, მაგრამ პრობლემა სწორედ ამ ნაბიჯების ტემპშია.
ზოგადად განვითარებისთვის საჭირო რა არის ამაზე ახლა კი არა, ალბათ დაახლოებით 8 წლის წინ ვსაუბრობდით, როდესაც ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობაზე ვიწყებდით საუბარს. მაშინ მე ზუსტად იმ სექტორში ვმუშაობდი, სადაც იმის გაანალიზება ხდებოდა, თუ რა არის ჩვენი შესაძლებლობები, კონკურენტული უპირატესობები, რომელზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს. მაშინ მკაფიოდ ჩამოითვალა სად დევს შესაძლებლობები. უპირველესად, გამოიყო აბრეშუმის გზის ფუნქცია, სატრანზიტო კონცეფციაში ჩვენი უპირატესობა. ასევე დასახელდა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა და ტურიზმი. იმიტომ, რომ მშენებლობის წილიც საკმაოდ დიდია ჩვენთან, სამშენებლო მასალების წარმოებაც დაიდო, როგორც მოკლე ჩამონათვალი, რომლებზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს. აქცენტის გაკეთება ნიშნავს თუ ქვეყანაში შიგნით საკუთარი დანაზოგები არ გაქვს, მაშინ სხვა ქვეყანაში შექმნილი დანაზოგები უნდა მოიზიდო, ამისთვის კი სამი რამ უნდა იყოს: შესაბამისი გადასახადები, საკუთრება დაცული და ადმინისტრირება მისაღები. თუ ამას ჩვენ, როგორც მოცემულობას ავიღებთ და ამ კუთხით შევხედავთ 4 პუნქტიან გეგმას, მაშინ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მისი შემადგენელი ნაწილია პირდაპირ პასუხობს ჩვენ კონკურენტული უპირატესობების მთავარი გამოწვევის, ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. ტურიზმისათვის 4 სეზონიანი ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, ესეც იმ იმედის საფუძველია, რაც გვაქვს. ეკონომიკის სამინისტრომ იმიტომ მოაქცია ერთი ქოლგის ქვეშ ყველა ის პროგრამა, რომელიც დამწყებ ბიზნესს, მცირე კრედიტებს უკავშირდება, რომ ჩვენთვის ძალიან მყარად არის გაანალიზებული ის გამოწვევა, რომელიც დამწყებ ბიზნესთან არის დაკავშირებული სწორედ იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებლობები არსებობს.

























