მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესისთვის გარემოსდაცვითი დარღვევებისთვის ჯარიმები იზრდება - კანონპროექტი

გარემოს დაცვის სამინისტრო

საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები მნიშვნელოვნად იზრდება. ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის და მიზნად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილების გაფართოებასა და სანქციების გამკაცრებას ისახავს.

შესაბამის რეგულირებაში ექცევიან ისეთი ობიექტები, როგორიცაა მაგალითად ენერგეტიკული ობიექტები, ნავთობბაზები, წიაღის მომპოვებლები, მეტალურგიული და ქიმიური ქარხნები, ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობები, ობიექტები რომლებსაც ჩამდინარე წყლები აქვთ, ასევე სხვა სახის ინდუსტრიული ობიექტები, რომელთა საქმიანობაც კოდექსის მიხედვით გარემოსდაცვით შეფასებას და სკოპინგს საჭიროებს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი სანქციები რიგ შემთხვევებში „ვერ ქმნის შემაკავებელ ეფექტს“ და ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პრევენციულ ფუნქციას.

ცვლილებების თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება 25 000-დან 30 000 ლარამდე ჯარიმას გამოიწვევს. მოქმედი რეგულაციით, მსგავსი დარღვევისთვის სანქცია 7 000-დან 10 000 ლარამდე იყო.

ამასთან, თუ საქმიანობა სკრინინგის პროცედურას ექვემდებარება და შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელდება, სანქცია 7 000-დან 10 000 ლარამდე განისაზღვრება, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმა 20 000 ლარი იქნება.

კანონპროექტი ასევე ზრდის სანქციებს ინდუსტრიული, ინფრასტრუქტურული, წიაღის მოპოვების, ენერგეტიკული თუ სხვა ობიექტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების შემთხვევაში. თუ საქმიანობის განმახორციელებელი ექსპლუატაციის პირობას შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე შეცვლის, დაჯარიმდება 25 000-დან 30 000 ლარამდე, განმეორებითი დარღვევისთვის კი 50 000-ლარიანი სანქცია დაწესდება. მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი დარღვევისთვის ჯარიმა 7 000-დან 10 000 ლარამდე იყო, განმეორებით შემთხვევაში კი — 14 000 ლარი.

ცვლილებები ეხება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობასაც. ასევე, პირი, რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის ორგანოს არ მიმართავს, პირველად გაფრთხილდება, განმეორებითი დარღვევისთვის კი 5 000 ლარით დაჯარიმდება.

პროექტის მიხედვით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ადგილზე სამართალდარღვევის განხილვისა და საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილებაც ეძლევათ იმ შემთხვევებში, როდესაც დამატებითი ადმინისტრაციული მოკვლევა საჭირო არ იქნება.

დოკუმენტის თანახმად, დეპარტამენტი ასევე შეძლებს საჯარიმო ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნებას საკუთარ ვებგვერდზე, თუ სამართალდამრღვევს დოკუმენტი ორჯერ ვერ ჩაბარდება. ასეთ შემთხვევაში ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, სანქციების გამკაცრება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსაც გაზრდის, თუმცა კონკრეტული თანხა დარღვევების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

კანონპროექტი პარლამენტში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის ინიციირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები