იურიდიული ფირმა „ფაჩუაშვილი და იურისტების“ დამფუძნებლის და ადვოკატის ამირან ფაჩუაშვილის შეფასებით, მეწარმე იურიდიული პირებისთვის „საჯარო პოლიტიკური აქტივობის“ აკრძალვა, ბუნდოვანი, დისკრიმინაციული და გაუგებარია.
„სამწუხაროდ, [სამართლებრივად] მე ვერ განგიმარტავთ ამ ნორმას, რადგან ძალიან ძნელია გაიგო ის სიგიჟე, რაც წერია. ტექსტი აშკარად გაუმართავია, დისკრიმინაციულია და სრულიად ბუნდოვანი. გასაგებია, რომ მიზანია, ეს ბუნდოვანი ფორმულირებები გამოყენებული იქნეს რეპრესიული ღონისძიებებისთვის“, - ასე შეაფასა იურისტმა ახალი შეზღუდვა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში”.
ჟურნალისტის კითხვას, ჩაითვლება თუ არა პოლიტიკურ აქტივობად ბიზნესმენის მხრიდან მაგალითად, იმის თქმა, რომ ეკონომიკის გაძლიერებისთვის ევროკავშირში შესვლაა საჭირო, ამირან ფაჩუაშვილი ასე პასუხობს:
„დიახ, რადგან კანონში პირდაპირ წერია, რომ „პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს“... გამოდის, რომ საგარეო პოლიტიკაზე აზრის ხმამაღლა გამოთქმა კომპანიის სახელით აღარ შეიძლება“, - ამბობს იურისტი.
ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ კანონი კონკრეტულად იურიდიულ პირს ზღუდავს და არა - მოქალაქეს. მისი თქმით, თუ კომპანიის ხელმძღვანელი განცხადებას გააკეთებს არა როგორც დირექტორი, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე, ამ ნორმის საფუძველზე მისი დაჯარიმება უკანონო იქნება, თუმცა იქვე დასძენს, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ „წაიკითხავს“ ჩანაწერს სასამართლო.
- ნებისმიერი კომპანიის ხელმძღვანელმა ან მფლობელმა, იურიდიული პირის სახელით რომ თქვას - ქართულ ბიზნესს ევროკავშირში შესვლა და ეკონომიკის გაძლიერება სჭირდება, ეს შესაძლოა, საჯარო პოლიტიკურ აქტივობად ჩაეთვალოს?
- დიახ, რადგან ჩანაწერში პირდაპირ მითითებულია: პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა ქმედება, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ. გამოდის, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსზე აზრის ხმამაღლა გამოთქმა იურიდიულ პირებს ეზღუდებათ. სინამდვილეში, ეს საკმაოდ აბსურდული მუხლია და აგიხსნით, რატომ: მე ვარ ამირან ფაჩუაშვილი - ფიზიკური პირი. ამავდროულად, მაქვს იურიდიული ფირმა შპს „ფაჩუაშვილი და იურისტები“. თუ მე ჩემი კომპანიის სახელით მოვუწოდებ მოქალაქეებს, გამოვიდნენ აქციაზე ევროპული მომავლის დასაცავად ან ხელისუფლების შესაცვლელად, ჩემი კომპანია 20 000 ლარით დაჯარიმდება; თუმცა თუ იმავე განცხადებას გავაკეთებ როგორც რიგითი მოქალაქე ან თუნდაც ინდმეწარმე (და არა შპს-ს წარმომადგენელი), ამ ნორმის საფუძველზე ვერაფერს დამიშავებენ - თუ, რა თქმა უნდა, კანონს არასწორად არ განმარტავენ.
- სხვა იურისტებიც სწორედ ამას ამბობენ, მაგრამ მთავარია, ვინ როგორ წაიკითხავს და განმარტავს ამ ჩანაწერს.
- დიახ, მაგრამ რაც უნდა ეცადონ, თუნდაც უკუღმა წაიკითხონ, დიაგონალზე ან „სტალინის მეთოდით“, ფიზიკურ პირს ამ მუხლით ვერ დააჯარიმებენ. ტექსტში გარკვევით წერია: „მეწარმე იურიდიული პირის მიერ...“
- გასაგებია, თუმცა შესაძლოა ჩაგითვალონ, რომ მიუხედავად თქვენი სტატუსისა, რადგან კომპანია თქვენს სახელს ატარებს და დამფუძნებელიც თქვენ ხართ, ირიბად მაინც შპს-ის პოზიციას ახმოვანებთ...
- კანონით დარღვევა იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ჩადენილი. თუ მე განვაცხადებ, რომ ამას ვამბობ არა - როგორც დირექტორი, არამედ, მაგალითად, როგორც მწერალი ამირან ფაჩუაშვილი, ამ ნორმას ვერ გამოიყენებენ. თუ მაინც დამაჯარიმებენ, ეს იქნება უკანონობა, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებ.
- ყოველ შემთხვევაში, ბიზნესი პირველი სფეროა, რომელსაც საჯარო პოლიტიკური აქტივობა ასეთი ჩანაწერით აეკრძალა.
- დიახ. სრულიად გაუგებარია, რატომ გახდა ეს საჭირო. ბიზნესი ისედაც ყველაზე პასიური სეგმენტია ამ მიმართულებით...
- საჯაროდ, შესაძლოა, არ აფიქსირებენ საკუთარ აზრს, თუმცა კერძო სექტორსაც შეიძლება არ მოსწონდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.




























