მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესკლიმატი ისტორიულ მაქსიმუმზეა - მთავარი ფაქტორი მაღალი გაყიდვებია"|ინტერვიუ ლევან ვეფხვაძესთან

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, BAG ინდექსის ბიზნეს კლიმატის ისტორიულ მაქსიმუმადე გაზრდის ძირითადი ფაქტორი გაყიდვების მაღალი მაჩვენებლებია.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა 2026 წლის მესამე კვარტალში BAG ინდექსის შედეგები იყო.

ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. სექტორებს შორის, ბიზნეს კლიმატის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა, სადაც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობაც ყველაზე პოზიტიურად შეფასდა. I კვარტალის მსგავსად, საანგარიშო კვარტალშიც შეფასდა კომპანიების საინვესტიციო გეგმები 2026 წლისთვის. გამოკითხულთა 68% 2026 წელს ჯამური საინვესტიციო მოცულობის გაზრდას გეგმავს, რომელიც უმეტესად აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების შესაძენად იქნება მიმართული.

ლევან ვეფხვაძემ ინტერვიუში ბიზნესის განწყობებზეც ისაუბრა. ასევე, დეტალურად აღწერა BAG ინდექსის კვლევის წარმოების პროცესი და აღნიშნა, რომ ინდექსის შედეგები, დაახლოებით, 170-მდე ბიზნესჯგუფის მმართველი მენეჯერების გამოკითხვას ემყარება.

- BAG-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ბიზნესკლიმატი ისტორიულ მაქსიმუმზეა - 2019 წელს თუ ინდექსი 40 ქულა იყო, ახლა 48-მდეა გაზრდილი. მოდით, განვმარტოთ: რამდენი ბიზნესჯგუფის გამოკითხვის საფუძველზე შეიქმნა ეს სურათი?

- საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ახლა, დაახლოებით, 170-მდე მსხვილი ბიზნესჯგუფია. თითოეულ ბიზნესჯგუფში შედის, მინიმუმ 10 კომპანია. ეს კომპანიები და ჯგუფები სხვადასხვა სექტორში მოღვაწეობენ - დაახლოებით, საუბარია 1500 კომპანიაზე. ცხადია, ყველა ამ კომპანიის მიერ კითხვარის შევსებას ფიზიკურად ვერ უზრუნველვყოფთ, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი ავსებს. ეს ჯგუფები დაყოფილია მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიებად (ძირითადად, ესენი მათი შვილობილი კომპანიებია). ამიტომ ბევრი ის თემა, რაც შეიძლება დამოუკიდებლად მოქმედ სტარტაპებსა და წვრილ კომპანიებს აწუხებდეთ, აქ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ამ რისკებს ჰოლდინგური „ქოლგა“ კომპანიები ფარავენ. კითხვარებს ვუგზავნით დამფუძნებლებსა და დირექტორებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი პოზიციის გაგება. მეორე ნაწილი - როგორ ტარდება ეს გამოკითხვა. პროცესში ასოციაცია უშუალოდ არ მონაწილეობს. ჩვენ გვყავს პარტნიორი კომპანია PMCG, რომლის კვალიფიკაციაშიც ეჭვის შეტანა ნამდვილად არ შეიძლება. PMCG ხელმძღვანელობს მიუნხენის ifo ინსტიტუტის (კვლევითი ინსტიტუტის) მიერ დაფუძნებული აპრობირებული მეთოდოლოგიით.

- ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი რომ 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, ეს რა ძირითადმა ფაქტორებმა განსაზღვრა?

- მთავარი, ძირითადი ფაქტორი არის გაყიდვები, რაც არის მაღალი. კომპანიები გვაძლევენ ძალიან მნიშვნელოვან და პოზიტიურ სიგნალებს. თუ დავაკვირდებით თავად ინდექსის ფორმირებას - არის ინდექსის უწყვეტი წირი და მას წყვეტილად, ზემოთ და ქვემოთ, მიჰყვება ორი წირი. ქვედა წირი გვიჩვენებს, თუ როგორ აფასებენ კომპანიები თავიანთ არსებულ/მიმდინარე მდგომარეობას, ხოლო ზედა წირი არის კომპანიების მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი. ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, რეალურად, ცდომილების ფარგლებში ერთი და იგივეა - არაფერი განსაკუთრებული, თითქმის უცვლელია. რაც შეეხება ოპტიმიზმს, ის გაზრდილია. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს ჰქონდათ ძალიან წარმატებული კვარტალი გაყიდვების მხრივ და, შესაბამისად, ეს მათ საინვესტიციო განწყობებზეც აისახა - თუ მეორე კვარტალში კომპანიების, დაახლოებით, 65% ამბობდა, რომ განახორციელებდა ინვესტიციას, მესამე კვარტალში გამოკითხულთა 68%-მა თქვა, რომ 2026 წელს ჯამური საინვესტიციო მოცულობის გაზრდას გეგმავს. ეს სწორედ იმის გამო ხდება, რომ კომპანიები, როგორც ჩანს, გაყიდვების კუთხით პოზიციას მნიშვნელოვნად პოზიტიურად გრძნობენ.

- რამდენად გაქრა ან შენელდა ის შიშები თუ ფიქრები, რაც ბიზნესს ჰქონდა, მაგალითად, შარშან? 2025 წელს, როცა იყავით #წერტილის სტუმარი, ასეთი ფრაზა თქვით: “არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი ბიზნესის გეგმებსა და განწყობებზე გავლენას არ ახდენსო”. ბიზნესკლიმატის შედეგები ამ მხრივ რას გვეუბნება - ეს შიშები განელდა, რადგან ეკონომიკა და გაყიდვები იზრდება და ბიზნესმა ჩათვალა, რომ სტაბილურობაა, თუ რაღაცნაირად შეშინებული კერძო სექტორი მაინც ქმნის დოვლათს?


- BAG ინდექსში არის რამდენიმე გრაფიკი, მათ შორის ხელის შემშლელი ფაქტორების გრაფიკი, სადაც ჩანს, რომ 2024 წლის მეორე კვარტალში ხელის შემშლელი ფაქტორები უჩვეულოდ გაზრდილია და ასევე, 2025 წლის I კვარტალი, სადაც ასევე ძალიან გაზრდილი იყო ბარიერები. ორივე ეს კვარტალი ემთხვევა სწორედ იმ პოლიტიკურ დაძაბულობას, რომელიც იმ მომენტში ქუჩაში მიმდინარეობდა და, სავარაუდოდ, ზოგადად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციით იყო გამოწვეული. პოზიტიური მოლოდინების ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ის მაღლა ასწია, შეიძლება იყოს ის, რომ შარშან ამ დროს ბიზნესს ჰქონდა მოლოდინი, რომ ახლა გაცილებით მძიმე სიტუაცია იქნებოდა, ვიდრე ფაქტობრივი, რეალური სიტუაციაა. მოლოდინების ზრდაც შეიძლება სწორედ ამას უკავშირდებოდეს: რეალურად, იმასთან შედარებით, რასაც ველოდი, უკეთესი სიტუაციაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ალბათ კიდევ უკეთესი იქნება წლის ბოლოს.

ბიზნესი მაინც გარკვეულწილად ადაპტირდა იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ქვეყანა იმყოფება?

- ბიზნესი დიდწილად ადაპტირდება…

- იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველი პარტნიორი ქეთი ქვარცხავა ამბობდა #წერტილში: "ბიზნესი წყალივით არის - ის ყოველთვის მონახავს გასასვლელსო"...

- ფულიც ეგრეა - უმოძრაო ფული სულ ცდილობს, იპოვოს ისეთი მიმართულება, სადაც შეიძლება მაქსიმალური ფინანსური უკუგება და ბიზნეს სარგებელი ნახოს. ბაზარი ყოველთვის ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი მდგომარეობა ანუ ეს არ არის ისეთი ტიპის სტრუქტურა, რომელიც მილევადი და დაღმავალია. პირიქით, ეს არის ისეთი ტიპის წონასწორობა, რომელიც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. ბიზნესი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ეძებს სარგებელს. თუ შენ არ მოძებნი ამ სარგებელს, იცოდე, რომ შენ ნაცვლად სხვა მოძებნის და ჩაგანაცვლებს, ამიტომ ეს ლოგიკა კონკურენტულ ბაზარზე ყოველთვის მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები