კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელი რეზო ვაშაკიძე BMG-სთან აცხადებს, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატთან 4-5 წელია კომუნიკაცია არ ჰქონიათ. მისი შეფასებით, არის თუ არა ინსტიტუციის საჭიროება, ამაზე კერძო სექტორს და მთავრობას ერთად უნდა ემუშავათ. ვაშაკიძის თქმით, მნიშვნელოვანი იყო მათ შორის თავად ბიზნესომბუდსმენის არჩევის პრინციპიც, რაშიც ჩართული მთავრობასთან ერთად ბიზნესიც უნდა ყოფილიყო.
ცნობისთვის, 2015 წელს შექმნილი ინსტიტუტი, რომელიც კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის მედიატორის როლს ასრულებდა, 2026 წლის 1 იანვრიდან ოფიციალურად წყვეტს არსებობას. 2026 წლის 1 იანვრიდან უქმდება ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილეების თანამდებობები, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ლიკვიდირდება.
“გვაქვს ბევრი დარგობრივი ასოციაცია, რომელიც კავშირს ამყარებს მთავრობასთან, მაგრამ შუალედური ეტაპი ამ დროს იყო ბიზნესომბუდსმენი. კომუნიკაციის ხარისხი ბიზნესსა და მთავრობას შორის დამოკიდებულია იმაზე, პრემიერ-მინისტრი რამდენად აქტიურია. თუ პრემიერი ყოველ თვე მოიწვევს ბიზნესმენებს, შეხვდება და დაელაპარაკება, მაშინ ბიზნესომბუდსმენის როლი იქნება ძალიან პატარა.
აქ უფრო ფუნდამენტური პრობლემაა, არის თუ არა საჭირო ეს სტრუქტურა, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ბიზნესსა და მთავრობას შორის კომუნიკაციით.
ბოლო 4-5 წელია არ გვქონია ურთიერთობა ბიზნესომბუდსმენთან. მე ვთვლი, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს არჩეული და დანიშნული ბიზნესისა და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით. თუ მთავრობა დანიშნავს ისეთ პირს, რომელთანაც ურთიერთობა არ იქნება, ასეთი ბიზნესომბუდსმენი არ არის საჭირო. თუ მარტო ბიზნესმენები დანიშნავენ და იმას ვერ ექნება კავშირი მთავრობასთან, ესეც არ იქნება სწორი. ამიტომ, ჩემი აზრით, ჯობია ერთობლივად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. მთავრობამ წარმოადგინოს რამდენიმე ადამიანი და ჩვენ ავირჩიოთ. მარტო ცალმხრივი დანიშვნა ეფექტიანი არ არის”,- ამბობს რეზო ვაშაკიძე.




























