ეკონომიკური დავები სასამართლომდე, შესაძლოა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ განიხილოს ან მის გადასაწყვეტად, ახალი პალატა ანდამოუკიდებელი არბიტრაჟი ჩამოყალიბდეს.
რატომ ჭიანურდება საქართველოში ბიზნეს დავები და რა არის საჭირო საკიტხის გადასაწყვეტად, - თემაზე „ბიზნესკონტაქტი“ „EYსაქართველოს“ იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელს გიორგი სვანაძეს ესაუბრა.
- რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ეკონომიკური დავების განხილვის კუთხით და სად ხედავთ ხარვეზს?
- ყველაზე დიდი პრობლემა არის გაჭიანურებული პროცესები. პროცესები მალე არ ინიშნება, პროცესიდან პროცესამდე ჩანიშნული დროის დიაპაზონი ძალიან დიდია და შესაბამისად, ეს ყველაზე დიდ პრობლემებს უქმნის ბიზნესს, მათ დიდი ტრანზაქციული ხარჯები წარმოეშობათ ამ კუთხით და უხეშად რომ ვთქვათ, ბიზნესმა მინიმუმ 3 წელი უნდა გათვალოს იმისათვის, რომ სასამართლოში დავა უკეთეს შემთხვევაში საბოლოო შედეგამდე მივიდეს. ეს საბოლოო შედეგი რამდენად მისაღებია ბიზნესისთვის ეს უკვე რთული შესაფასებელია. საკმაოდ ბევრი დროის, ენერგიის, რესურსის ხარჯია და ამიტომ ვადების ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი.
- რა არის ამის მიზეზი, - მოსამართლეთა კომპეტენცია, თუ მათი კვალიფიკაციის ნაკლებობა?
- ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ამ გაჭიანურებას განაპირობებს არის ადამიანური, მატერიალური და ტექნიკური რესურსის სიმწირე სასამართლო სისტემაში. ჩემი თვალთახედვით, არ არის იმდენი მოსამართლე პროპორციულად დანიშნული, რამდენიც სჭირდება ისეთი გადატვირთულობის მქონე სასამართლოს, როგორიც დღეს საქართველოშია. როდესაც თითოეულ მოსამართლეს 600-700-ზე მეტი საქმე აწერია, ობიექტურად შეიძლება შეუძლებელი იყოს იმაზე ფიქრი, რომ გარკვეული დავა სწრაფ ვადებში ჩაინიშნება და განიხილება.
მოსამართლეები ბევრად უფრო მეტი უნდა იყვნენ, ვიდრე ეს დღესდღეობით არის. ეს ბუნებრივია, ყველაფერზე უარყოფით გავლენას ახდენს, მოსამართლეები ამდენ საქმეს ვერ აუდიან და ძალიან რთულია მოლოდინი გვქონდეს იმისა, რომ ერთი მოსამართლე 600 და 700 საქმის შემჭიდროვებულ ვადებში ისეთ დონეზე დაამუშავებს, როგორც ამას ვთქვათ 10 მოსამართლე იზამდა.
- ბიზნეს დავების რაოდენობა რამდენად ჯდება სტანდარტებში, ბიზნესის მხრიდანაც ხომ არ არის ხშირი მიმართვიანობა სასამართლოსადმი, იმ შემთხვევებზე, რომელზეც ეს შესაძლოა საჭირო არც იყოს
- ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ბიზნესისა და მისი კონსულტანტი იურისტის აზრთა გაცვლისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებაა. ზოგ შემთხვევაში ბიზნესს მიაჩნია რომ უნდა წავიდეს და იდავოს სასამართლოში. ყოველი კონკრეტული ბიზნესი თვითონ წყვეტს დავის სტრატეგიას. აქედან გამომდინარე, ამის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, ერთია, რომ ბიზნესი ყოველ ჯერზე სასამართლოში მიდის, მაგრამ ამას ბიზნესს ვერავინ აუკრძალავს. მეორეს მხრივ, კი საჭიროა მინიმალური ზღვარი, - სოციოლოგიური და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით დათვლილი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით. ქართულ სინამდვილეში შესაბამისი ანალიზი უნდა მოხდეს ვთქვათ, რამდენი მოსამართლე უნდა იყოს დანიშნული საქართველოში იმისათვის, რომ დღეის მდგომარეობით გასაშუალოებულ ამ საქმეთა დინებას, რომელიც სასამართლოში მიდის და ამ გადატვირთულობას, გაუმკლავდეს შესაბამის ვადებში. მთავარია, სასამართლო თავისი რესურსით მზად იყოს. ბიზნესი ხან ხშირად იდავებს, ხან ნაკლებად.
- საუბარია, რომ ცალკე საბჭო, ან არბიტრაჟი ჩამოყალიბდეს კონკრეტულად ბიზნეს დავებისთვის. თქვენი აზრით, რომელი იქნება უფრო მეტად მორგებული სისტემა, რომ ეს ვადები შემჭიდროვდეს?
- თუ საუბარია სასამართლო სისტემაში სპეციალიზებულ სასამართლოზე, რომელიც კონკრეტული კატეგორიის საქმეებს განიხილავს, ამისათვის საჭიროა, რომ ისეთი მოსამართლეები მოიძიოს, რომლებიც შესაბამისად დაკვალიფიცირდებიან შესაბამისი კატეგორიის საქმეებთან მიმართებით და რაც მთავარია, ისინი აღარ უნდა დაიტვირთონ სხვა საქმეებით. თუ მოსამართლეების რაოდენობა იმდენი იქნება, რამდენიც საჭიროა დღევანდელი საშუალო მოთხოვნიდან გამომდინარე, სასმართლოს უკვე შეეძლება რომ გარკვეული კატეგორიის საქმეების განსახილველად სპეციალიზირებული მოსამართლეები გამოყოს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან წაადგებოდა ამ მიმართულებით დღევანდელ სიტუაციას, ამას ისევ და ისევ მთავარ პრობლემამდე მივყავართ - გვყავს კი ამდენი მოსამართლე? მთავარია მოსამართლეთა რაოდენობა იმდენი იყოს, რომ შემდეგ მათი დაყოფა შესაძლებელი გახდეს.თუ მოსამართლეს დაევალება, რომ სპეციალური მიმართულებით დრო გამონახოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და ტრეინინგებისთვისდა თუ ამისთვის მას დრო არ გაუთავისუფლდება, მაშინ შედეგს ვერ მივიღებთ, პირიქით მოსამართლეკიდევ უფრო დაიტვირთება. მთავარი ამოცანაა მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდოს და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის მაღალ დონეზე უზრუნველყოფა მოხდეს.

























