"საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ და „საქართველოს ბანკების ასოციაციამ“ საპოლიციო გამოსახლების წესის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელის შინაარსი ექსკლუზიურად "ბიზნესკონტრაქტისთვის“ გახდა ცნობილი.
სარჩელში, რომელიც საქართველოს ბიზნეს-ასოციაციამ და ბანკების ასოციაციამ მოამზადეს, ნათქვამია, რომ გასაჩივრებული აქტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან, რადგანაც ადგილი აქვს საკუთრების უფლების დაცულ სფეროში შეჭრას უკანონო მფლობელის დასაცავად; ასევე ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ვალდებულებას და კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რადგანაც საკუთრების უფლების დაცვის უკვე არსებული მექანიზმის გაუქმება, სანაცვლო ახალი ან გაუმჯობესებულის შექმნის გარეშე წარმოადგენს უფლების დაცვის უფლების შეზღუდვას.
როგორც "ბიზნესკონტრაქტს“ საკონსტიტუციო სასამართლოში ორი მსხვილი ბიზნესგაერთიანების წარმომადგენელმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა, სამოქალაქო კოდექსში შეტანილი აღნიშნული ცვლილებების მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო არა მხოლოდ არასამთავრობო და ბიზნეს-სექტორი, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლებაც.
მისივე თქმით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის გამო უკვე იზარალა ფიზიკურმა პირმა გ. ნ-მ, რომელიც ორ ბიზნესგაერთიანებებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ-ერთი მოსარჩელეა.
კერძოდ, როგორც სარჩელიდან ირკვევა, მოქალქემ 2015 წლის 13 მაისს მოქალაქე ნ. გ-სგან შეიძინა სახლი მცხეთაში. ამ უკანასკნელს კი ეს უძრავი ქონება შეძენილი ჰქონდა საჯარო აუქციონზე. აუქციონამდე კი ქონების მესაკუთრე იყო ვინმე ხ. კ. როგორც სარჩელში მოსარჩელე ყვება, მის საკუთრებაში უკანონოდააა შეჭრილი სახლის პირვანდელი მეპატრონე ხ. კ.
"ჩემმა გამოჩენამ სახლის ტერიტორიაზე გამოიწვია ძველი მესაკუთრეების აგრესია და პრეტენზიები - თუ რატომ შევიძინე აღნიშნული უძრავი ქონება. იმავე დღესვე გამოვცხადდი უბნის ინსპექტორთან მომხდარი შემთხვევის შესწავლის მიზნით, თუმცა - ამაოდ. აღნიშნულის შემდეგ განვახორციელე სახლის კარების დალუქვა ე.წ. „სვარკის აპარატის“ მეშვეობით, თუმცა იმავე ღამეს ხ. კ-მ და მისმა ოჯახის წევრებმა დაანგრიეს ჩემ მიერ გამაგრებული რკინის კარები და შეიჭრნენ შენობაში. გარდა უბნის ინსპექტორისთვის მიმართვისა, მივმართე პოლიციას და პროკურატურას, რათა მათ შეესწავლათ მომხდარი ფაქტი და დაეწყოთ გამოძიება, თუმცა პროკურატურის და პოლიციის მხრიდან აღნიშნულ ფაქტს არ მოჰყოლია შედეგი ან გამოძიების დაწყება. შესაბამისად, იძულებული ვარ, მივმართო სასამართლოს ჩემს საკუთრებაში არსებული ქონების დაბრუნების მიზნით, რადგან 1 წელია ვერ ვახორციელებ მესაკუთრის უფლებებს“, - აცხადებს მოსარჩელე მოქალაქე.
ფაქტია, კანონმდებლებმა დაწერეს და დაამტკიცეს ისეთი კანონი, რომლის გამოც საკუთრების უფლება შეეზღუდა მოქალაქეს.
იურისტი ლევან ალაფიშვილი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სარჩელს მოიგებენ. ის არ გამორიცხავს, რომ სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების ინიციატივით, უკვე ახალ პარლამენტს ახალმა მთავრობამ მიმართოს.
ამასთან, ორი მსხვილი ბიზნესგაერთიანების წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო დავის პარალელურად, დაიწყება ადვოკატირების პროცესი, რათა ახალი გამართული რეგულაციები გაიწეროს სამოქალაქო კოდექსში.
"ვიდრე რეგულაცია ამ სახით არსებობს და არ შეიცვლება, მანამდე სახელმწიფომ გაწირა ყველა მოქალაქე მსგავსი პრობლემებისთვის“, - განუცხადა „ბიზნესკონტრაქტს“ ალაფიშვილმა და დასძინა, რომ კანონმდებლებისგან განსხვავებით, მოსალოდნელი პრობლემები აღმასრულებელ შტოს გაცნობირებული ჰქონდა.
ცნობისთვის, 2015 წლის 11 დეკემბერს საპოლიციო გამოსახლების წესის აკრძალვას 82-მა დეპუტატმა მხარი იმ ფონზე დაუჭირა, როცა ამ კანონპროექტის დაკანონების შემთხვევაში არსებულ სერიოზულ რისკებზე პარლამენტში საკუთარი არგუმენტირებული პოზიციები ოფიციალურად გადააგზავნეს ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროებმა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა.

























