შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების კომისია "დამსაქმებელთა ასოციაციაში“ შეიქმნა, რომლის წევრები ბიზნეს სექტორში დასაქმებული შრომის უსაფრთხოების მენეჯერები არიან. კომისიის მიზანია: როგორც სისტემატური სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, ისე კომპანიების მოთხოვნების შესწავლა უსაფრთხოების სფეროში, შრომის უსაფრთხოების საინფორმაციო ლინკის შექმნა, სამუშაო შეხვედრებზე შესაბამისი სამინისტროების და უწყებების მოწვევა, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა და რეკომენდაციების მიწოდება სოციალური დიალოგის კომისიისთვის, რათა მაქსიმალურად მოხდეს ბიზნესის ინტერესების გათვალისწინება.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, უკვე გაიმართა აღნიშნული კომისიის წევრების შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსთან, ელზა ჯგერენაიასთან. როგორც ცნობილია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, მომზადებულია კანონპროექტი შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ, მზადდება ევროდირექტივების შესაბამისი რეგულაციები და შესაბამისი ნორმატული აქტები. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო ამ სტრუქტურული და მოსალოდნელი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს. სამუშაო შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის მხრიდან გამოითქვა გარკვეული შენიშვნები არსებული ნორმატული ბაზის შეუსაბამობის და სხვადასხვა უწყებების ფუნქციების პარალელიზმის შესახებ, რაც ზედმეტ ტვირთად აწვება ბიზნესს. შეხვედრის ბოლოს გამოითქვა მოსაზრება რომ მომავალშიც გაგრძელდეს ასეთი შეხვედრები, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.

























