ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა BMG-ის წერილობით განუცხადა, რომ მისი კომპანია HG Capra Caucasuca რაჭაში სამონადირეო ლიცენზიას არ ყიდის. ასე ბიზნესმენი გამოეხმაურა ინფორმაციას თითქოს რაჭის სამონადირეო მეურნეობის პროექტში ესპანური კომპანია შემოდის.
15 ნოემბერს კომპანია HG Capra Caucasica-ს დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა BMG-ის წერილობით აცნობა, რომ მან რაჭის ტყის სამონადირეო მეურნეობის განვითარების პროექტი დატოვა. დავით ხიდაშელის განცხადებით, თუკი მისი ინვესტიციებისთვის საქართველო არ არის მზად, მას პროექტების სხვა ქვეყნებში განხორციელება შეუძლია.
“თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც ქართულ ოცნებასთან არ ვარ დაახლოებული”, - წერილობით პასუხობს დავით ხიდაშელი bm.ge-ის.
დღეს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გააკეთა განცხადება. ის პროექტთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს. შამუგიას თქმით, რაჭაში 2022 წელს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიაზე HG Capra Caucasica-ზე გაცემული ლიცენზია პირობების შეუსრულებლობის გამო მიმდინარე თვის ბოლომდე გაუქმდება. ოთარ შამუგია განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე ახალი დაცული ტერიტორიის განვითარება იგეგმება.
ოთარ შამუგია საუბრობს, რომ HG Capra Caucasica-მ ადგილობრივ მოსახლეობასთან აუცილებელი კომუნიკაცია არ გამართა, ამასთან მინისტრის თქმით, ამ პროექტთან დაკავშირებით ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, თითქოს ტერიტორიის სალიცენზიოდ გადაცემა გულისხმობდა ტყის ვიზიტორებისთვის დახურვას, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას გასულ წელს სახელმწიფომ 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი 49 წლის ვადით სამონადირეო მეურნეობის განვითარებისთვის პირობიანი აუქციონის გზით გადასცა. აუქციონში ხიდაშელის კომპანიის მიერ დაფიქსირებული ფასი 1 151 832 ლარს შეადგენდა. კომპანიამ კონკურსში გამარჯვებით აიღო ვალდებულება პროექტის განვითარებაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი ჩაედო.