ბიზნესმენი მინდია საბანაძის კომპანია სუპერმარკეტების ქსელის ყიდვას გეგმავს. კერძოდ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო შპს „აი ჯი რითეილის“ მიერ შპს „ზღაპრის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს განიხილავს.
"შპს „ზღაპარი“ FMCG ბაზრის საცალო რეალიზაციის დონეზე ოპერირებს. შპს „აი ჯი რითეილის“ საბოლოო ბენეფიციარის კონტროლს დაქვემდებარებული ეკონომიკური აგენტები კი წარმოდგენილნი არიან ქათმის ხორცის წარმოებისა და საცალო რეალიზაციის, ასევე FMCG ბაზრის საცალო რეალიზაციის დონეზე.
დაინტერესებულ პირებს კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, სააგენტოს მისამართზე: დ. აღმაშენებლის გამზირი N154, „მწვანე ოფისის“ შენობა, მე-8 სართული ან/და სააგენტოს ელფოსტაზე: [email protected]",- აღნიშნავენ კონკურენციის სააგენტოში.
სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს „აი ჯი რითეილი" 2026 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა. მისი დირექტორი ნოდარ საბანაძე, მფლობელი კი აშშ-ში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება IG international-ია, რომლის ბენეფიციარი მფლობელიც მინდია საბანაძეა. აღნიშნული ჰოლდინგი საქართველოში მათ შორის City Mall-ის სავაჭრო ცენტრებს ფლობს და მართავს.
რაც შეეხება "ზღაპარს", ის 2007 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი თამარი უდესიანია, ხოლო წილები ასე ნაწილდება:
- გია არსენიძე - 26.67%
- კონსტანტინე გელაშვილი - 26.67%
- ზურაბი არსენიძე - 18.33%
- უზეირ ოზერ/თურქეთი/ - 12.5%
- ლევანი ფიჩხაია - 12.5%
- ნუნუ ლეჟავა - 3.33%
"ზღაპრის" ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის, კომპანიამ 97 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო საანგარიშო პერიოდის სრულმა ზარალმა 1.1 მლნ ლარი შეადგინა. 2024 წელს ზარალი 5.2 მლნ ლარი იყო. 2025 წლის ბოლოსთვის კომპანიის დაგროვილმა ზარალმა კი 9.8 მლნ ლარი შეადგინა.
























