მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესმენ ვანო გოგლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

კულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კომპანია "ბატონოს" დირექტორს, ბიზნესმენ ვანო გოგლიძეს, რომელიც სამინისტროებისთვის ფალსიფიცირებული კონსერვის მიწოდებისთვის დააკავეს.

ადვოკატი 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.

ვანო გოგლიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით (საკვები პროდუქტის ფალსიფიკაცია, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ თავად ბიზნესმენი ბრალს არ აღიარებს.

კომპანია "ბატონო" ძროხის ხორცის და თევზის კონსერვებს "კულას" ბრენდით ყიდდა და მის ძირითად მომხმარებელს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სახელმწიფო წარმოადგენდა.

სამეწარმეო ამონაწერის მიხედვით, კომპანია „ბატონო“ 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100%-იან წილს ლეილა ლონდარიძე ფლობს, ის ასევე კომპანია „გორის საკონსერვო ქარხანა - კულას“ 100%-იანი წილის მფლობელია. ორივე კომპანიაში დირექტორის პოზიციას ივანე გოგლიძე იკავებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ტენდერების მონიტორინგის მიხედვით, კომპანია „ბატონოს“ სხვადასხვა დროს 35 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას, ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

ტენდერების მონიტორის თანახმად, კომპანია "ბატონოს" სახელმწიფოსთვის სასურსათო პროდუქტების - თევზის და ძროხის ხორცის მიწოდების ტენდერებში კონტრაქტები 2020 წლიდან გაუფორმდა. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს კომპანია "ბატონომ" 1.4 მილიონი ლარის, 2023 წელს კი 5.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, კომპანიამ 2024 წელს ორ სახელმწიფო შესყიდვაში დისკვალიფიკაცია მიიღო სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქციის წარდგენისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები