მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა და სამომავლო გეგმები

64454ac16cf04
BM.GE
23.04.23 19:28
1594
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ვახტანგ ფხაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოება მისი მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას, „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.

ღონისძიებას, რომელიც ვახტანგ ფხაკაძის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიზნესმენები, უცხოელი პარტნიორები, ხელოვანები, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები „ვახტანგ ფხაკაძის საქველმოქმედო ფონდის“ საქმიანობასა და განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბის ბრენდის, იტალიური ოჯახის თვალსაჩინო პარფიუმერული სახლის წარმომადგენლის, პაოლო ტერენცის ინიციატივით შეიქმნა სუნამო, სახელწოდებით „ვახო65“, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხები სრულად მოხმარდება ფონდის საქმიანობას. საგულისხმოა, რომ ფონდს უკვე ჰყავს არაერთი გამორჩეული შემომწირველი. მათ შორის, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, რომელმაც ღონისძიების ფარგლებში ფონდს საკუთარი ნახატი გადასცა. ამირან და ლუკა პატარქალიშვილებმა, ასევე, სპეციალურად საქველმოქმედო საღამოსთვის შექმნეს ნახატი. ფონდთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ კერძო კომპანიებიც, მათ შორის კომპანია “ეშვი“ და სხვა.

ხაზგასასმელია, რომ „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ საქმიანობის მთავარ იდეას ახალგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენს. კერძოდ, ახალგაზრდა თაობის განათლების ხელმისაწვდომობა და მათი ხელშეწყობა. ამ ეტაპზე, საქველმოქმედო ფონდის მიერ ფინანსდება სტუდენტთა სწავლის საფასური და გაიცემა სტიპენდიებიც. შემომწირველთა აქტიურობა და ხელშეწყობა კი გაზრდის როგორც დაფინანსებული სტუდენტების, ასევე სტიპენდიანტების რაოდენობას.

საიუბილეო ღონისძიების დასკვნით ეტაპზე საზოგადოების წინაშე წარდგა მსოფლიოში ცნობილი არტისტი, ლარა ფაბიანი. მან პირველად ჩვენს რეგიონში, სპეციალურად „ვახტანგ ფხაკაძის საქველმოქმედო ფონდისთვის“ სოლო კონცერტი გამართა. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე, ასევე, წარდგნენ მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, ანსამბლი „სუხიშვილები“, ნინო ქათამაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“ და სხვა.

შეგახსენებთ, "ლუტეცია ჯგუფის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე 63 წლის ასაკში, covid 19-ით ორი წლის წინ გარდაიცვალა. ფხაკაძემ კომპანია "ლუტეცია" 1999 წელს დააფუძნა. ის მთელი ცხოვრება ქველმოქმედებით იყო დაკავებული, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განათლების ხელშეწყობა იყო. სწორედ ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ, "ლუტეცია ჯგუფის" მიერ დაარსდა ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი „ლუტეცია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები