ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძეს "შეღავათიანი აგროკრედიტით" 4 იაფი სესხი აქვს აღებული
კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW) დამფუძნებელ ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძეს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში, ახალი საწარმოების გასასხნელად და არსებულის გაფართოებისთვის 4 იაფი სესხი აქვს აღებული.
Bm.ge-ის მიერ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბიზნესმენმა 4 სესხიდან ორი აჭარასა და გურიაში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოების გახსნისთვის აიღო, ხოლო დანარჩენი ორი სესხის ბენეფიციარი კი, კომპანია KTW არის.
უშუალოდ რა მოცულობის კრედიტი აიღეს ზურაბ ჩხაიძის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში და რა თანხაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი აღნიშნული ბენეფიციარის სესხის სუბსიდირებისთვის (თანდაფინანსებისთვის), ამ ინფორმაციის გამჟღავნების უფლება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს არ აქვს;
Bm.ge ცდილობდა ჩხაიძესთან დაკავშირებას, მაგრამ მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს ან ზარებს არ პასუხობს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენი მოქმედ ხელისუფლებას ღიად უჭერს მხარს და საკმაოდ სოლიდური თანხები აქვს შეწირული როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ისე - სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისთვის.
კერძოდ, აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016-2017 წლებში „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ „ქართულ ოცნებას“ ჯამში, 245 ათასი ლარი შესწირა; წელს, ოქტომბერში კი, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისთვის პირადად ზურაბ ჩხაიძეს 60 ათასი ლარი აქვს შეწირული.
საინტერესოა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, შპს „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ მოგებული აქვს 3 ტენდერი, ხოლო გამარტივებული ტენდერის გზით 159-ჯერ აქვს მომსახურება გაწული.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ KTW-ს რამდენიმე დღის წინ ელექტრონულ მედიაში KTW-ს მფლობელი ბიზნესმენის PR სტატია გავრცელდა სათაურით - „ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძის პრინციპული პოზიცია (R)“, სადაც ბიზნესმენი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო დღეს პრინციპული, თუმცა მარტივი არჩევანის წინაშე დგას.
PR სტატიაში ბიზნესმენი ღიად უჭერს მხარს სახელისუფლებო პარტიას.
„მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში არასოდეს გავრეულვარ, მსურს მხარდაჭერა გამოვხატო იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც განვითარების სტაბილური გარემო შექმნა და ინვესტორს საქართველოში უსაფრთხო საქმიანობის მყარი გარანტიები მისცა. მაგალითად, თუ 2012 წლამდე საქართველოს მეღვინეობაში მხოლოდ 20- მდე მწარმოებელი იყო, დღეს ეს რიცხვი 300-მდეა გაზრდილი, ამასთან, ბევრ წარმოებაში უმეტესად ქართული ინვესტიციაა განხორციელებული.
რომ არა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის უპრეცედენტო მხარდაჭერა და მისი განვითარებისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობების შექმნა, ჩვენი კომპანია 2012 წლიდან დღემდე, ვერ მოახერხებდა 10 ახალი საწარმოს გახსნას საქართველოs სხვადასხვა რეგიონში. ამასთანავე, უვიზო რეჟიმის დაწესებამ, რომელმაც განაპირობა თავისუფალი მიმოსვლა, მოგვცა შესაძლებლობა, KTW-ს შვილობილი კომპანია გაგვეხსნა ევროპაში, რამაც ხელი შეუწყო ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას“, - აცხადებს ჩხაიძე.
საფონდო ბირჟები