ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ, იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც კრიტიკული შეხედულებები ჰქონდათ, საჯარო დისკუსია შევთავაზეთ, მაგრამ ეშინიათ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
როგორც მან თქვა, ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ყველა ბიზნესმენი იყო მოწვეული, მათ შორის ისინიც, ვინც „შეუერთდა გაუგებარ განცხადებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით“.
„ზოგადად, არ შეიძლება, ბიზნესი ასე ღრმად შედიოდეს პოლიტიკაში. როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში. ეს არის პრინციპები, რომელიც ყველა ქვეყანაშ მოქმედებს, თუმცა, როდესაც იწერება მაიდნის სცენარები, იქ ეს პრინციპებიც აღარ მოქმედებს, იმიტომ, რომ ნებისმიერი სისტემა უნდა ჩამოშალონ, ეს არის ჩვენი არაკეთილმოსურნეების ერთ-ერთ ამოცანა, რომ მოიშალოს ყველა პრინციპი სახელმწიფოში, რათა მათ მიაღწიონ წარმატებას. ჩემთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ გვქონდა საშუალება, მოსაზრებები გაგვეცვალა, ასევე დაისვა კითხვები, რომლებსაც ვუპასუხეთ. მათ შორის იყო კრიტიკული კითხვები კონკრეტულად ამ ბიზნესმენების მხრიდან. ეს დისკუსია თავისთავად საინტერესო იყო. ყველამ მოისმინა კითხვა-პასუხი და მგონია, რომ ამ ბიზნესმენების უდიდეს უმრავლესობას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი, რაც შეიძლება, ადამიანს აწუხებდეს, როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ზოგადად სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით.
ყველას დავპირდი, რომ აუცილებლად უზრუნველყოფილი იქნება სტაბილურობა, მშვიდობა, სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში.
ახლაც ასეა. როგორც კი ეს ძალადობრივი რესურსი გამოეცალა ოლპოზიციას, მაშინვე დასტაბილურდა ლარის კურსი. რა თქმა უნდა, აქ ეროვნული ბანკის როლიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეკონომიკური პროცესებიც თანდათან სულ უფრო მეტად სტაბილურდება.
იანვრიდან ველოდებით, რომ სრული მასშტაბით აღდგება ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც გვქონდა მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, ამიტომ ამ კუთხით ბიზნესს არაფერი ემუქრება.
ამ შეხვედრის შემდეგ იყო შეთავაზება ჩვენი მხრიდან, რომ იმ ბიზნესმენებთან, რომლებსაც ჰქონდათ კრიტიკული შეხედულებები, დამატებით ღია ეთერის ფორმატში, საჯაროდ გაგვემართა დისკუსია. ბიზნესთან შეთავაზება როცა იყო, მათაც გვთხოვეს, სახელებით არ დაგვეკონკრეტებინა, მაგრამ ხალხი ალბათ მიხვდება ვისზეც არის საუბარი, მათაც უარი განაცხადეს საჯარო დისკუსიაზე. თუ ფიქრობ, რომ მართალი ხარ, რატომ არ მოდიხარ ამ დისკუსიაზე? მათაც შეეშინდათ ამ დისკუსიის და უარი თქვეს პირდაპირ ეთერში დაჯდომაზე. ჯანსაღი დისკუსია იყო ის, რაც მათ შევთავაზეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.