მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესმენებსაც უყვართ ქვეყანა და აზრის გამოთქმისთვის ბიზნესს საფრთხე არ უნდა შეექმნას - თამაზ დაუშვილი

დიო

ბიზნესი მხოლოდ გადასახადების გადამხდელად არ უნდა დარჩეს, რომლის ინტერესებიც უგულებელყოფილია - ამის შესახებ BMG-სთან კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი თამაზ დაუშვილი აცხადებს. ის პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება, რომელიც მეწარმეთა „პოლიტიკურ აქტივობას“ სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ბუნდოვანება საფრთხეს უქმნის მეწარმეების უფლებას, დაიცვან საკუთარი ინტერესები და დააფიქსირონ პოზიცია საზოგადოებრივ პრობლემებზე.

თამაზ დაუშვილის თქმით, ბიზნესი და აქტიური პოლიტიკა ერთმანეთისგან ისედაც გამიჯნული უნდა იყოს, თუმცა კანონში არსებული „ბუნდოვანება“ მას კითხვებს უჩენს - მეწარმეს შეიძლება დასჭირდეს „საზოგადოებრივი აქტივობა“ საკუთარი ინტერესების დასაცავად, რაც ახალი რეგულაციით შესაძლოა დანაშაულად ჩაითვალოს.

„აქტიურობა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი, შეიძლება, ნებისმიერ ბიზნესს დასჭირდეს თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ რაიმე პრობლემა აქვს ბიზნესს ხელისუფლებასთან მიმართებით, ან გარკვეულად იჩაგრება... თუ ამ პრობლემების მოსაგვარებლად გარკვეული აქტივობა ან სახსრების გაღება დასჭირდათ, ესეც შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ აქტივობად და მოხვდეს ამ რეგულაციაში.

საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უფრო მეტად აქვთ პრობლემები და მათ შეიძლება დასჭირდეთ თუნდაც ფეისბუქ პოსტის გამოქვეყნება რაღაც პრობლემაზე, რომლისთვისაც გადაიხდიან თანხას, რათა მეტმა აუდიტორიამ ნახოს. ძალიან საფრთხილოა და ისე არ გამოვიდეს, რომ მართლაც ბიზნესი მხოლოდ გადასახადის გადამხდელად დარჩეს და მისი ყველანაირი ინტერესი იქნეს უგულებელყოფილი“ - ამბობს თამაზ დაუშვილი.

კითხვაზე, ხედავს თუ არა საფრთხეს, რომ ბიზნესმენის პირადი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო კომპანია დაიხუროს, დაუშვილი BMG-ს პასუხობს, რომ მსგავსი სცენარი დემოკრატიულ ქვეყანაში წარმოუდგენელია.

„ვერ წარმოვიდგენ ვერც ჩვენი და ვერც ნებისმიერი სხვა კომპანიის - რომელსაც 30 წლის და მეტი ისტორია აქვს, რომ აზრის გამოთქმის გამო დაიხუროს. ეს აბსოლუტურად გამორიცხულად მიმაჩნია, ეს არ მოხდება და ვერც მოხდება. ბიზნესმენებსაც უყვართ თავისი ქვეყანა და აზრის გამოთქმისთვის ბიზნესს საფრთხე არ უნდა შეექმნას“.

თამაზ დაუშვილის თქმით, ნებისმიერი კანონი, რომელიც საქართველოში მიიღება, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს, რადგან ქვეყანას ევროპული კურსი აქვს გაცხადებული.

„საინტერესოა, რამდენად ჯდება ეს კანონები ევროპული სტანდარტებში. საჭიროა მან გაიაროს შესაბამისი ექსპერტიზა ვენეციის კომისიაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი არ შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას პრობლემას“, - ამბობს დაუშვილი და ხელისუფლებას მოუწოდებს, კანონის საბოლოო მიღებამდე ის ბიზნეს ასოციაციებთან ერთად დეტალურად განიხილონ, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი რისკი, რომელიც მეწარმეების უფლებრივ მდგომარეობას გააუარესებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა, რომლის თანახმადაც, მეწარმე სუბიექტის მიერ პოლიტიკური აქტივობა აკრძალულ საქმიანობად განისაზღვრება. თუ თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ ადმინისტრაციულ - 20 000-დან 40 000 ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებდა, კორექტირებული პროექტით, სასჯელი მკაცრდება: ფიზიკურ პირებს 3-დან 4 წლამდე პატიმრობა, ხოლო იურიდიულ პირებს - ლიკვიდაცია ან დაჯარიმება ემუქრებათ.

ამასთან, "გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით "გრანტის" ცნება ფართოვდება და გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები