მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესმენებთან ერთადერთი თხოვნა მაქვს“ - ინტერვიუ მამუკა ხაზარაძესთან

ლელო

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართულ ბიზნესს მოუწოდებს, 2024 წლის არჩევნებზე ხმა ცვლილებას მისცენ. „ბიზნესმენებთან ერთადერთი თხოვნა მაქვს“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

- ქართული ბიზნესი ხშირად არის ხოლმე კრიტიკის საგანი, როდესაც ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები მიდის, მაგრამ ბიზნესმენები ჩუმად არიან და თავის პოზიციას არ აფიქსირებენ... როგორ ფიქრობთ, უნდა იყვნენ თუ არა უფრო თამამები თუ უნდა გავუგოთ, ვიცით რა, როგორ ქვეყანაში უწევთ ბიზნესის კეთება....

- რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ საქართველოში ბიზნესი უნდა იყოს თამამი, ვერ იქნებიან, სანამ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა არ დამთავრდება. რატომ? - ბიზნესს ურჩევნია, სტაბილურად იყოს და სამწუხაროდ, მინისტრთან, მის მოადგილესთან თვალის პაჭუნით და ზოგ შემთხვევაში გარიგებით, დაალაგოს ყველაფერი, რომ არ დაენგრას 30 წლის ნამუშევარი... ეს ყველაფერი დამთავრდება მაშინ, როცა ბიზნესი მიხვდება, რომ ქვეყანას სჭირდება სამართლიანი სასამართლო...

- ბიზნესის ამას ვერ ხვდება?

- მიხვედრილი არის, მაგრამ ამას პოლიტიკური სისტემის შეცვლა და კოალიციური მთავრობის მოსვლა სჭირდება, როდესაც ყველა პარტია დაიწყებს ერთმანეთის კონტროლს, კამათს და ყველა მიხვდება, რომ საჭიროა, მიუკერძოებელი პროკურატურა, დამოუკიდებელი სასამართლო, როცა სატელეფონო თუ სხვა მეთოდით სამართალი არ დაირღვევა.

- რა გააკეთონ ბიზნესმენებმა ცვლილებებში მონაწილეობისთვის, გარდა იმისა, რომ ყველანი მივდივართ არჩევნებზე და მოქალაქეობრივ ვალს ვიხდით...

- სამწუხაროდ, ყველანი არ მივდივართ... მინდა, ბიზნესს მოვუწოდო, ცოტა ხანი კიდევ მოითმინონ. ერთადერთი, რაც მინდა, ვთხოვო, ესაა აგიტაცია ჩაატარონ, რათა ოქტომბერში მათი ოჯახის წევრები, მეგობრები წავიდნენ არჩევნებზე. მისცენ ხმა განსხვავებას და ცვლილებას, რადგან ეს სჭირდება ქვეყანას და შევცვალოთ ერთპარტიული მმართველობა საქართველოში. როგორც კი, ეს შეიცვლება და არ გვეყოლება ერთი დირექტორი, რომლის ნებაზე იქნება დამოკიდებული ლარის კურსი მყარი იქნება თუ - არა, სამუშაო ადგილები იქნება თუ არ იქნება, ინვესტიციები შემოვა თუ - არა, ვიღაცა ბევრ ფულს გააკეთებს და ეტყვიან - უი, შენ ნამეტანი მოგივიდაო... ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და უნდა დაიწყოს ძალიან სწრაფი რეფორმები. ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 100 დღეში უნდა შევცვალოთ მიდგომა - საქართველოს შეუძლია, გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები