"ყველაზე მთავარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია", - ამის შესახებ „ფორბს კვირაში“ „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა განაცხადა. პაატა ტრაპაიძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ოფიციალურად წასვლის შეფასებისას თქვა, რომ განვითარება სისტემის რეფორმირებით უნდა დაიწყოს, რაც ქვეყანაში უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს შექმნის და ბიზნესის კეთება ყველასთვის მისაღები იქნება.
კითხვაზე, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა - „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი პასუხობს, რომ საქართველოს არც ნავთობი აქვს და არც სასარგებლო წიაღისეულით იმ რაოდენობით, რომ ამან ეკონომიკის ზრდაში წვლილი შეიტანოს.
„გვაქვს გეოპოლიტიკური მდებარეობა, კარგი სიმღერა და სუფრა ვიცით... ერთი ტურიზმი გქვონდა და ისიც პანდემიის გამო მოიშალა. ტურიზმი ჩქარი ფულია შემოსული ეკონომიკის ასამოძრავებლად. ყველაზე მთავარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციიებია, რომელიც კატასტროფულად მცირდება საქართველოში. რატომ? ფული რამდენიც გინდათ, იმდენია. ბანკებს ხომ შემოაქვთ ფული, ამ ფულს ლაყე ფულს ვეძახი, ჩვენ მისი მოხმარება არ ვიცით.
პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებს - ფულს მოჰყვება ცოდნა და ადამიანი, რომელიც აუცილებელია, ჩვენი განვითარებისთვის. ჩვენი უნდა გავიგოთ, რომ ძალიან ბევრ საკითხში, ეკონომიკის მიმართულებით, ბევრი რამ არ ვიცით და კონკურენტუნარიანები არ ვართ... სანამ აღვზრდით ახალ თაობას, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება, წლები და ათწლეულები გავა და ეს იოლი არ იქნება, ამიტომ იძულებული ვართ, მივებათ დასავლეთის წინა პლანზე არსებულ კომპანიებს, რომლებიც უნდა დავაინტერესოთ - როგორ? პირველ რიგში, იმით, რომ სასამართლო უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი. იყო ასეთი გეგმა წინა ხელისუფლებაში, რომ ბრიტანული სამართალი შემოეტანათ. რატომაც არა? პროკურორი არავისზეა დამოკიდებული და სამართლიანია და ბიზნეს გარემო აბსოლუტურად გახსნილია“, - ამბობს პაატა ტრაპაიძე “ფორბს კვირასთან“ ინტერვიუში.