66 წლის ასაკში ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა. ის 20 წელზე მეტია აქტიურად იყო ჩართული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებში და ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
კახა გველესიანი გახლდათ ისეთი უმსხვილესი სარეკონსტრუქციო და დეველოპერული პროექტების პარტნიორი და ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, როგორებიცაა საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები: „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და „მოქსი“ . მის სახელს უკავშირდება ასევე დედაქალაქისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაცია და განვითარება, როგორიც მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსია.
კახა გველესიანი 1960 წელს, თბილისში დაიბადა. 1984 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში მისი საქმიანობა ფინანსურ და ბიზნეს სექტორს უკავშირდებოდა. 1998-2003 წლებში ის გახლდათ საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო წლების განმავლობაში, 2025 წლამდე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მენეჯმენტსა და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა.
ბიზნესსაქმიანობის მიღმა, კახა გველესიანი ფართოდ იყო ცნობილი, როგორც კულინარიისა და ღვინის ექსპერტი.
Bm.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახა გველესიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

























