ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძის აზრით, წინა მთავრობის დროს „საპარტნიორო ფონდის“ შექმნა შეცდომა იყო.
მისი თქმით, ბიუჯეტიდან ფულის ამ ფორმით ამოღება არასწორი ნაბიჯია, რადგან საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და საკმარისი რესურსი ფუნქციონირებისთვის ისედაც არ არსებობს.
„ჯერ კიდევ წინა მთავრობის, სააკაშვილის დროს იყო დაშვებული შეცდომა, როცა „საპარტნიორო ფონდი“ შექმნეს. ეკონომიკა ორგანიზმს ჰგავს, მისი „სისხლი“ კი არის ფული. ამ შემთხვევაში ორგანიზმს სისხლი ამოაცალეს ანუ ფული და ამით თანხები შეამცირეს ბიუჯეტში, რაც ძალიან ცუდია. საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და ჯერ საკმარისი რაოდენობით ფული არ გვაქვს, ნორმალური ფუნქციონირებისათვის თანხები საკმარისი არ არის", - განაცხადა მან.
ვაშაკიძის თქმით, საპენსიო რეფორმის დროსაც იგივე მოხდა, როდესაც სახელმწიფომ ეკონომიკიდან ფულის ამოღება დაიწყო და ამით მისი განვითარება შეაფერხა.
„თუ ავიღებთ საპენსიო რეფორმას, აქაც იგივე მოხდა. ფაქტობრივად, ეკონომკიდან ანუ ორგანიზმიდან ხდება სისხლის გამოცლა, ეს კი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას შეასუსტებს. მითუმეტეს ფულის ამოღება მოხდება ხანგრძლივი ვადის განმავლობაში, 30-20 წლით. ეს გამოიწვევს ეკონომიკის შეჩერებას, სტაგნაციას, თუ რაიმე სხვა სახის მკვეთრი განვითარება არ მოხდა", - განმარტავს ბიზნესმენი.

























