ბიზნესმენი შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვს - რა ხარვეზებზეა საუბარი?
თამუნა ქემერტელიძე
25.02.19 10:00
• 1501
ბიზნესმენი რომან ბადალიანი პარლამენტს მიმართავს და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვს.
კომპანია “უნივერს ბიზნეს გრუპის” დამფუძნებლის საკანონმდებლო წინადადებას დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
როგორც bm.ge-ის ბადალიანმა განუცხადა, კანონში არსებული ხარვეზები მას სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს.
კონკრეტულად კი, კომპანია “უნივერს ბიზნეს გრუპი” სატენდერო დოკუმეტში შემდეგი ჩანაწერის მოხსნას ითხოვს: “პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება” .
“ჩემს კომპანიას სპეციალური დანადგარის საშუალებით, შეუძლია მიწისქვეშა მილები გზების გადათხრის გარეშე გამოცვალოს. თითქმის, ყველა რეგიონში აღნიშნული საქმიანობა გზების ხანგრძლივი გადაკეტვით ხორციელდება, ამ დანადგარის გამოყენებით კი, აღარც გზების გადაკეტვის აუცილებლობა იქნება და დანახარჯებიც - ბევრად უფრო ნაკლები. წარმოიდგინეთ, მაგალითად სახელმწიფოს სურს, 3 მეტრის სიღრმეზე მილის შეცვლა , თუ მას ერთი მეტრო 300 ლარი უჯდება, მე ამას 250 ლარად შევთავაზებ, თან ჩვენ სქელკედილიან მილებს ვიყენებთ, რომელიც 400 წელიც რომ იდოს მიწაში, არაფერი მოუვა“, - აცხადებს რომან ბადალიანი.
მისივე თქით, ამ თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან სახელმწიფო სატენდერო სისტემა ალტერნატიულ წინადადებებს არ ითვალიწინებს.
ამასთან, ბიზნესმენის განმარტებით, ამ მეთოდის გამოყენებისას ასფალტის ფენის ჩარეცხვა, საფარის აყრა, ტრანშეის გაჭრა, სამშენებლო ნაგვის გატანა და ასფალტის საფარის აღდგენა არ ხდება.