მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესმენი-შიდა განვადებებზე: მთავრობა და სებ-ი ჭიანჭველებს ზარბაზნით არ უნდა დასდევდნენ

5ccae09c295c7
ლიკა გურაბანიძე
02.05.19 20:00
1036
„ტექნო ბუმის“ დამფუძნებლის ანზორ ქოქოლაძის განცხადებით, შიდა განვადებების სისტემის წილი საკრედიტო ბაზართან და ზოგადად, ეკონომიკასთან შედარებით, იმდენად მცირე იქნება, რომ დამატებით შიდა განვადებების დარეგულირება ეკონომიკას უფრო დიდ ზიანს მოუტანს, რადგან ეს ნებისმიერ ბიზნეს ურთიერთობას შეეხება.

ამის შესახებ ქოქოლაძემ სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებაზე კომენტირებისას bm.ge-თან განმარტა.

კერძოდ, გვენეტაძე მიიჩნევს, რომ თუ კომპანიების მიერ შეთავაზებული ახალი ტიპის პროდუქტებს სესხის სახე ექნება, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ მათზეც რეგულირების ის პირობები გავრცელდეს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.

თავის მხრივ, 15 მაისიდან „ტექნო ბუმი“ HYUNDAI-ს პროდუქციით შიდა განვადებების დაწყებას გეგმავს.

ქოქოლაძე ირწმუნება, რომ შიდა განვადებების სისტემა რეგულაციის კონცეფციაში არ შედის, რადგან ეს არც საბანკო და არც საკრედიტო პროდუქტი არ არის.
„შიდა განვადება ეს გარკვეულ ვადებში უპროცენტო განვადებით პროდუქტის გაყიდვაა და ეროვნული ბანკის ქვემდებარე ოპერაცია არ არის. შესაბამისად, შიდა განვადებები საბანკო რეგულაციების ქვეშ არ შეიძლება მოექცეს. ვფიქრობ, რომ სანამ ეროვნული ბანკი რაიმე რეგულაციას მიიღებს, უნდა შეფასდეს რა ზომისაა და რასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.

„ტექნო ბუმის“ დამფუძნებლის თქმით, რამდენად გაამართლებს შიდა განვადებების სისტემის ამოქმედება,  ამაზე კონკრეტული პროგნოზების გაკეთება მისი ამოქმედების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ვნახოთ მომავალში რა იქნება, ხელისუფლებამაც და ეროვნულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჭიანჭველებს ზარბაზნით არ უნდა დასდევდნენ“, - განაცხადა ქოქოლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები