„როდესაც საქმე მსხვილ ბიზნესს ეხება, ყოველთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. სახელმწიფო თავის პოზიციებს კარგავს იმიტომ, რომ საქმეს გამჭვირვალობა აკლია,“ - ამის შესახებ კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ bm.ge-ის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
როგორც ვაშაკიძე აღნიშნავს, თუ ფულის გათეთრებას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, ეს სახელმწიფომ საზოგადოებას უნდა დაუმტკიცოს.
„როდესაც გამჭვირვალობა ნაკლებია, ეს ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს აუარესებს. ჩვენთან ბიზნესის განსავითარებლად კარგი საკანონმდებლო ბაზაა, რაც დადებითია, თუმცა საქმეში გამჭვირვალობაა საჭირო. ჩვენ თიბისი ბანკში ანგარიში გვაქვს და მათთან ვთანამშრომლობთ, როდესაც ბანკში ხაზარაძე-ჯაფარიძე იყვნენ, თავს უფრო დაცულად ვგრძნობდი. ბანკის ასე მიტოვება არ შეიძლება, ეს იგივეა ადამიანმა შვილზე რომ თქვას უარი. ჩემი აზრით, ორივე პროექტი დაიღუპება და სჯობს, ხაზარაძე-ჯაფარიძემ გადაწყვეტილება შეცვალონ და პროექტებში დარჩნენ", - განმარტა ვაშაკიძემ.
ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თიბისი ბანკის ჯგუფში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის პოზიციების დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება თავად მიიღეს. გარდა ამისა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გაიმართება პრესკონფერენცია და ხაზარაძე-ჯაფარიძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მმართველ საბჭოში დაკავებულ თანამდებობებსაც დატოვებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 24 ივლისს ხაზარაძე-ჯაფარიძეს ფულის გათეთრების მუხლით ბრალი წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით, 1-1 მლნ გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ორივეს გირაოს სახით, 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ უკვე გაასაჩივრა.

























