მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესმენი ზურაბ რამაზაშვილი ყველის წარმოებას გეგმავს

5b0c5249608d3
მაია ბიწაძე
29.05.18 09:30
2954

"თელავის ღვინის მარნის" დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი სამომავლოდ ღვინის წარმოებასთან ერთად, ყველის წარმოებასაც გეგმავს,- ამის შესახებ Bm.ge-ს ბიზნესმენმა განუცხადა. მისი თქმით, ღვინო და ყველი, ის ორი პროდუქტია, რომლებიც ძალიან უხდება ერთმანეთს, ეს იდეაც სწორედ აქედან დაიბადა.

ზურაბ რამაზაშვილმა 2014 წელს ფერმა "მწვანე რანჩო" დააარსა, სადაც ამჟამად რძეს აწარმოებენ, თუმცა, ჯერ-ჯერობით ყველს არ ამზადებენ და რძეს კომპანია "სოფლის ნობათი" ყიდულობს. ფერმაში 900 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და ულტრათანამედროვე მოწყობილობებით აღიჭურვა. იქ ამჟამად 90 სული ძროხაა, საიდანაც 60 მეწველია. ფერმა დღეში 1000 ლიტრ რძეს აწარმოებს. 

"ეს საქმიანობა ოთხი წლის წინ დავიწყეთ. დეკეულები უცხოეთში შევიძინეთ. სამი ჯიში გვყავს, შვეიცარიული სიმენტალი და ბრაუნსმისი და ჰოლანდიური ჰოლშტეინი.

ფერმაში 900 ათასი ლარის ინვესტიცია ჩავდეთ, რომელიც პირუტყვის შეძენას და ფერმის გაკეთებას მოხმარდა. მოვაწყეთ საწველი დარბაზი, შევიძინეთ საწველი აპარატურა და წველადობის კომპიუტერიული აღრიცხვის სისტემა, ასევე საკვების დასაქუცმაცებელი დანადგარი და სხვა მოწყობილობები, რომელიც ძროხის ხარისხიანი მოვლისათვის არის საჭირო, მათ შორის ძროხის მოსასვენებელი ხალიჩებიც, რომელზეც პირუტყვი წევს, რაც მისი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია.

ფერმის შექმნა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ შეგვექმნა საკუთარი პროდუქტი - ყველი, რომელიც დაუკავშირდებოდა ჩვენს ღვინოს, ეს იყო იდეა. ძალიან მარტივი მეგონა, მაგრამ ყველის წარმოება ცალკე თემაა, ძალიან სერიოზული, მითუმეტეს ამ მოცულობის რძისგან და ამ იდეამ ცოტა დროში გადაიწია, მაგრამ მას აუცილებლად განვახორციელებ“, - განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები