ბიზნესომბუდსმენის აპარატი დამოუკიდებელი უნდა იყოს და არა პრემიერის დაქვემდებარებაში,- ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე bm.ge-სთან აცხადებს.
ზამბახიძე არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენის აპარატი უნდა გაუქმდეს და სახალხო დამცველის აპარატს შეუერთდეს.
მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცალკე არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„როგორც სახალხო დამცველია ცალკე, ვფიქრობ, ბიზნესომბუდსმენის აპარატიც დამოუკიდებელი უნდა იყოს და არა პრემიერის დაქვემდებარებაში. ეს ცალსახაა, რადგან რიგ შემთხვევაში მაინც რაღაც გადაკვეთები ხდება“,- აცხადებს ზამბახიძე.
მისივე თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატის მუშაობა ეფექტურია და მას არაერთი ბიზნესის წარმომადგენლის დასახელება შეუძლია, რომელსაც სხვადასხვა პერიოდში ეს უწყება დაეხმარა.
„მე შემიძლია სახელებით და გვარებით ვილაპარაკო რამდენი ადამიანის პრობლემა მოაგვარა ბიზნესომბუდსმენის აპარატმა. არ არის საუბარი მხოლოდ ახლანდელ ომბუდსმენზე. ვფიქრობ ძალიან ბევრ ბიზნესს მათ გაუმარტივეს ცხოვრება. ბიზნესისთვის, რომელიც ბიუროკრატიას ეჯახება, საქმის გამაიოლებელი იყო ამ აპარატის არსებობა. რა თქმა უნდა, კერძო დავებში ისინი არასოდეს ერეოდნენ, თუმცა, რაც ეხებოდა სახელმწიფოსთან ურთიერთობას, მე არ მახსენდება არცერთი ბიზნესი, რომელიც იქიდან უკმაყოფილო წამოსულიყო“,- აცხადებს ზამბახიძე.

























