ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ბიზნესსექტორთან დამატებით დროს და კონსულტაციებს საჭიროებს.
„საქართველოს მთავრობამ ბიზნესის მოთხოვნით და ჩვენი რეკომენდაციით „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა 6 თვით გადაწია და დღევანდელი მდგომარეობით ახალი რეგლამენტი ძალაში 2019წლის 1 მარტიდან შედის, თუმცა, მაინც რჩება რიგი საკითხები, რომლებიც ბიზნეს სექტორისთვის პრობლემურია და საჭიროებს დამატებით დროს და კონსულტაციებს“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.
საქმე იმაშია, რომ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ წერილობით მიმართა საქართველოს მთავრობას, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ბიზნეს სექტორს მიეცეს დამატებითი დრო და შესაბამისი განმარტებები ტექნიკური რეგლამენტით გათვალისიწნებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატს არაერთმა მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა მომართა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით და აპარატი აგრძელებს საკითხზე მუშაობას მათი ინტერესების დასაცავად.
“2019წლის ეტიკეტებში, რომელიც მწარმოებლების მიერ 2018 წელსვე დიდი რაოდენობით იქნა დაბეჭდილი, ვერ მოხდა ახალი ტექნიკური რეგლამენტით დამტკიცებული ცვლილებების გათვალისწინება, რამაც კომპანიები დააყენა შესაძლო ზარალის საფრთხის წინაშე. თუ მათ არ მიეცემათ უკვე დაბეჭდილი ეტიკეტების გამოყენების საშუალება, მაშინ უნდა მოხდეს მათი ჩამოწერა, რაც დიდად დააზარალებს თითოეულ მწარმოებელს. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე შინაარსობრივი საკითხი ეტიკეტზე ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროებს უფრო მკაფიო განმარტებებს და სტანდარტიზაცის“, - ამბობს ბიზნესომბუდსმენი.
ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, პროცესში ჩართული მხარეები ღია არიან შემდგომი კონსულტაციებისთვის და უკვე დაგეგმილია შეხვედრა სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
„უნდა მოინახოს შესაძლებლობები ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად, რათა ახალმა ტექნიკურმა რეგლამენტმა კომპანიები არ დაზარალოს”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

























