"ვფიქრობ, რომ ეს არის ჩავარდნა კომუნიკაციაში ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ბიზნესთან დამოკიდებულებაში", - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ე.წ "ოქროს სიაში" მყოფი კომპანიებისთვის გათვალისწინებული იმპორტის გადასახდელის დაფარვის ვადებთან დაკავშირებით შეღავათის გაუქმების ფაქტის შეფასებისას განაცხადა. საუბარია იმპორტის გადასახდელების 30-დღიანი ვადის 5 დღემდე შემცირებაზე.
როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს ბიზნესი ინფორმირებული უნდა იყოს.
"ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც "ოქროს სიას" ეხება, სადაც ყველაზე რეპუტაციული კომპანიები არიან და მათი რაოდენობა 200-ს აჭარბებს და მსგავსი ტიპის ცვლილება ხდება, ამაზე ბიზნესი ვფიქრობ, რომ ინფორმირებული უნდა იყოს.
ვფიქრობ, რომ ამ კომპანიებისთვის ფინანსური მოდელის დროში ასე სწარაფად გადაწყობა არის რთული. მინიმუმ რაც უნდა მოხდეს, მანამ სანამ ფინანსთა სამინისტროში აღნიშნულ კომპანიებთან კონსულტაციები არ გაიმართება, იმ მოცემულობის შენარჩუნება მოხდეს, რომელიც დღეს ჩვენ რეალურად გვაქვს", -აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე განმარტებით, მას კომუნიკაცია თითქმის ყველა ბიზნეს ასოციაციასთან ჰქონდა და მათი პოზიციები ბიზნესომბუდსმენისთვის ცნობილია.
"გვქონდა კომუნიკაცია ფინანსთა სამინისტროსთანაც და ვფიქრობთ, რომ ეს კონსულტაციები შედგება და ოპტიმალური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ისე, რომ ასეთმა მოულოდნელმა პოსტ-ფაქტუმ ცვლილებამ არ დააზარალოს ისეთი კომპანიები, რომელთაც შესაძლოა, მოკლე ვადაში საბრუნავ საშუალებებში გარკვეული პრობლემა შეექმნათ", - განმარტა ირაკლი ლექვინაძემ.

























