ბიზნესომბუდსმენის აპარატი გადამზიდავი კომპანიებისა და საქართველოს რკინიგზას შორის მიმდინარე დავაში ჩარევას არ აპირებს. როგორც ირაკლი ლექვინაძემ bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ეს ორ კერძო სუბიექტს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობაა, რაც მათ უფლებამოსილების ფარგლებს სცილდება.
,,ბიზნესომბუდსმენი განიხილავს განცხადებას, რომელიც შეეხება პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მათ მიერ დასმული საკითხი ეხება ორ კერძო სამართლის სუბიექტს შორის არსებულ კერძო სამართლებრივ ურთიერთობას, მოკლებული ვართ შესაძლებლობას მონაწილეობა მივიღოთ მათ განცხადებაში დასმული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში. საქართველოს რკინიგზა არის სახელმწიფო კომპანია და არა ადმინისტრაციული ორგანო , შესაბამისად აღნიშნული დავა განიხილება როგორც დავა ორ კერძო სუბიექტს შორის“-განაცხადა ლექვინაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გადამზიდავმა კომპანიებმა, ,,საქართველოს რკინიგზა“ კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ უკვე თვეებია რკინიგზის საშალებით ტვირთების სომხეთის მიმართულებით გადაზიდვას ცდილობენ, თუმცა ნებართვის მიღება ამ დრომდე ვერ მოახერხეს. რკინიგზას გადამზიდავებთან კომუნიკაცია შეწყვეტილი აქვს. ამ პრობლემის შესახებ კომპანიებმა საქმის კურსში ჩააყენეს ბიზნესომბუდსმენის აპარატიც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზა 100% საპარტნიორო ფონდის მფლობელობაშია, რომელიც თავის მხრივ სახელმწიფო ფონდია.