ბიზნესომბუდსმენი: მზად ვართ საპენსიო რეფორმის მიმდინარეობაზე ბიზნესს მოვუსმინოთ
ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა კვლავ კომუნიკაციის დეფიციტია.
ლექვინაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელი იყო შესაბამის ორგანოებს საშუალო და მცირე ბიზნესისთვის პროგრამის განხორციელებამდე დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინათ.
"იანვარი პირველი თვეა, როდესაც საპენსიო ანარიცხები უნდა განხორციელებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი შეხვედრები გაიმართა, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო, რათა ფინანსისტებს, ბუღალტრებს, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან ბევრი შეკითხვა სხვადასხვა მიმართულებით, ჰქონოდათ უფრო მეტი სიცხადე. რაც შეეხება სხვა თემებს, რაც დრო გავა, უფრო გამოჩნდება, თუ რაიმე ხარვეზის შემცველია აღნიშნული პროცესი. ჩვენ მზად ვართ ყველა დაფიქსირებულ საკითხს შესაბამისად ვუპასუხოთ", - განაცხადა ლექვინაძემ.