ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"
ელენე კვანჭილაშვილი
16.02.19 19:30
• 3479
"მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არ იქნას განხილული ზემდეტი ინტერპრეტაციების ჭრილში", - ასეთია ბიზნესომბუდსმენის პოზიცია.
ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში - "ანალიტიკა" - ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ "თიბისი ბანკისა" და მისი აქციონერების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დასმულ კითხვებს ინტერვიუს ფორმატში უპასუხა.
"ნებისმიერმა არასწორად გავრცელებულმა ინფორმაციამ, პირველ რიგში, შეიძლება დააზარალოს ბანკის ინტერესი და ჩვენ ეს ვნახეთ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, დროის გარკვეულ პერიოდში, ბანკის აქციონერების უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით. ეს ბუნებრივად აისახა "თიბისი ბანკის" აქციების ფასზე", - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა მოთხოვნა, რომ "თიბისი ბანკის" აქციონერებმა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ 2 თვის ვადაში დატოვონ სამეთვალყურეო საბჭო, 24 საათში, "თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე 52 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა.
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ "ნებისმიერი ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელებას - როგორც მარეგულირებელი უწყების მხრიდან, ასევე ნებისმიერ სხვა მხარის მხრიდან - რა თქმა უნდა, დიდი სიფრთხილე სჭირდება".
მისივე თქმით, ყველა მხარისგან აუცილებელია "უფრო მეტი ინფორმატიულობა და არგუმენტაცია იმისათვის, რომ ბანკი, რომელიც არის სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტი - ამან გავლენა არ მოახდინოს მის გრძელვადიან გეგმებსა თუ სტრატეგიებზე".