მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესომბუდსმენი "ოქროს სიის" შეღავათების შენარჩუნებას, ან გაუქმების გადავადებას ითხოვს

5cfe7b6c72de1
თათია ჩაფიჩაძე
10.06.19 19:45
984
ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით საკუთარი ბრძანება ძალაში დატოვა. ამის შესახებ ცნობილი მინისტრთან კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და ბიზნესომბუდსმენის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა.

ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განაცხადებით, "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების მიხედვით იხელმძღვანელა.

"ფინანსთა მინისტრის მკაცარი არგუმენტი ამ გადაწყვეტილების მიღებისას იყო სავალუტო ფონდთან შეთანხმება. ეს სხვადასხვა ანგარიშებში გარკვეული პერიოდის წინ ასახული იყო, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს (შეღავათის გაუქმება) ბიზნესისთვის სიურპრიზი და მტკივნეული საკითხი სწორედ იმიტომ იყო, რომ პოსტფაქტუმ შევიტყეთ.

შეთანხმება მიღწეული არ არის. შემდგომი ნაბიჯი – დღესვე ვაპირებთ მივმართოთ მთავრობას, რომ მოთხოვნები, რაც ჩვენს ოფისში იქნა დაყენებული, გაითვალისწინოს – მინიმუმ გადავადება, ან არსებულის შენარჩუნება", – განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ "მაჭავარიანი საკმაოდ პრინციპული იყო ამ ეტაპზე".

შეგახსენებთ, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. აღნიშნულს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს.

კერძოდ, მინისტრის გადაწყვეტილებით, "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება "ოქროს სიის" მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები