საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ოთარ დანელიამ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, სადაც მიუთითა, რომ გასულ წელს კომპანია "დიუთი ფრი ალიანსის" 10%-ის აქციონერი გახდა. აღნიშნული კომპანია საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე - სადახლოში; სარფში; ყაზბეგსა და წითელ ხიდზე არსებულ უბაჟო სავაჭრო ცენტრებს მართავს.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, "დიუთი ფრი ალიანსის" შემოსავალი 2024 წელს 50.4 მილიონ ლარს შეადგენდა, კომპანიის შემოსავლის თითქმის ნახევარი - 24.5 მილიონი ლარი სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული უბაჟო ობიექტიდან იყო გენერირებული. ამასთან, კომპანიას 2024 წელს 16 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, მისი აქტივები კი 38.2 მილიონ ლარს შეადგენს.
"დიუთი ფრი ალიანსი" 2024 წლის 29 ივლისამდე ბელარუს ბიზნესმენ არტურ გრანტს ეკუთვნოდა და ის კომპანიას კვიპროსში რეგისტრირებული კომპანიის - ოსკარია ინვესთმენთს ლიმითედის მეშვეობით ფლობდა. 2024 წლის 29 ივლისიდან კი კომპანიის 100%-ის მფლობელი ქართული კომპანია "ბლოიქსი" გახდა. აღნიშნული კომპანიის მფლობელი ბიზნესმენი მზია გიგაური, ხოლო დირექტორი ნიკოლოზ ჯალაღანიაა. შემდგომში, კომპანია "ბლოიქსმა" "დიუთი ფრი ალიანსში" მისი 60%-ის წილი გაყიდა, საიდანაც 10% ბიზნესომბუდსმენ ოთარ დანელიას მიერ 2024 წლის სექტემბერში დაფუძნებულმა კომპანია "გრეისთოუნმა" შეიძინა.
ქონებრივ დეკლარაციაში ოთარ დანელია უთითებს, რომ აღნიშნულ კომპანიაზე გასულ წელს გასცა პერსონალური სესხი 557,100 დოლარის ოდენობით.
კიდევ ერთი ბიზნესი, რომელში მონაწილეობასაც ოთარ დანელია ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია შპს "ლისი ცენტრი", სადაც ის 33%-ის წილს ფლობს. აღნიშნულ კომპანიას თბილისში ლისის ტბის მიმდებარედ 1685 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ეკუთვნის.
რაც შეეხება ოთარ დანელიას მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას, ის შემდეგ აქტივებს და ვალდებულებებს უთითებს:
ბიზნესომბუდსმენის სახელზე რამდენიმე უძრავი ქონებაა რეგისტრირებული:
- ბათუმში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე 84,3 კვ.მ ბინა (ღირებულება – 148 000 აშშ დოლარი) და ავტოფარეხი (12 კვ.მ; 14 500 დოლარი);
- თბილისში, თენგიზ გაზდელიანის I შესახვევში 880 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ღირებულება – 30 000 ლარი).
საბანკო ანგარიშები და ნაღდი თანხა
- საბანკო ანგარიშებზე ყველაზე მაღალი ნაშთი ფიქსირდება „საქართველოს ბანკში“ – 76 300 ლარი.
- „თიბისი ბანკში“ განთავსებულია მცირე მოცულობის მიმდინარე, საბარათე და სასკოლო ანგარიშები.
- ოჯახი ასევე ფლობს ნაღდ ფულად დანაზოგს: ოთარ დანელიას სახელზე 55 000 აშშ დოლარი, ხოლო მეუღლის სახელზე – 25 000 ევრო.
სამეწარმეო საქმიანობა
დანელია რამდენიმე კომპანიაშია ჩართული:
- შპს ექსტრა სპეისი – 100%-იანი წილის მფლობელი;
- შპს გრეისტოუნი – 100%-იანი წილის მფლობელი;
- შპს სმარტ ჰაუსი – 100%-იანი წილის მფლობელი;
- შპს Sky Motors – 25%-იანი წილის მფლობელი;
- შპს ლისი ცენტრი – 33%-იანი წილის თანამესაკუთრე;
- გარდა ამისა, „გრეისტოუნი“ , რომელიც „Duty Free Alliance“-შო, 10%-იან წილს ფლობს.
შემოსავლები და ანაზღაურება
- ოთარ დანელიამ, როგორც ბიზნესომბუდსმენმა 2024 წელს 80 199 ლარი ხელფასი მიიღო.
- მეუღლე, მერი ჩიქობავა, შსს მომსახურების ცენტრში მუშაობდა და 88 156,7 ლარის ანაზღაურება აიღო.
სესხები და ფინანსური გარიგებები
დეკლარაცია ასახავს მსხვილ ფინანსურ ოპერაციებსაც:
- დანელიამ გასცა 557 100 დოლარის სესხი საკუთარ კომპანიაზე („გრეისტოუნი“), საიდანაც ნაწილობრივი შემოსავალი უკვე დაფიქსირდა.
- ასევე გაცემულია სესხები „სმარტ ჰაუსისთვის“ (100 000 USD), „ექსტრა სპეისისთვის“ (500 000 GEL), და რამდენიმე ფიზიკური პირისთვის როგორც დოლარში, ასევე ევროსა და ლარში.
- პირიქით, თავადაც სესხით სარგებლობდა – 515 000 ლარის იპოთეკური სესხი „თიბისი ბანკიდან“ და 30 000 დოლარის სესხი ფიზიკური პირისგან.
საჩუქრები და სხვა შემოსავლები
2024 წელს, დეკლარაციის მიხედვით, ოთარ დანელიამ 5 000 დოლარის საჩუქარი მშობლისგან მიიღო.
გარდა ამისა, დაფიქსირებულია პირადი გადმორიცხვები როგორც შემოსავლის, ასევე გასავლის სახით (მაგალითად, 3175 ლარი მეგობრისგან და 5000 ლარი მშობელთან).
ძირითადი ხარჯები
დანელიას მნიშვნელოვანი ხარჯები განკუთვნილია მგზავრობასა და დასვენებაზე (რამდენიმე ათასი დოლარი და ევრო), ასევე შვილის სწავლის საფასურზე (5469 ლარი) და მშენებლობა-რემონტზე (8000 ლარი).




























