ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, გაზაფხულიდან, სავარაუდოდ, „სასამართლოს მეგობრის“ ფუნქციით ბიზნესი სასამართლოების ყველა ინსტანციაში ისარგებლებს.
საქმე იმაშია, რომ ამჟამად ბიზნესომბუდსმენი „სასამართლო მეგობრის“ ფუნქციით საკონსტიტუციო სასამართლოში სარგებლობს, თუმცა მეტი ეფექტიანობისთვის ირაკლი ლექვინაძეს სურს, აღნიშნული ფუნქცია ყველა ინსტანციის სასამართლოზე გავრცელდეს.
„დღევანდელი კანონმდებლობით, ჩვენ გვაქვს უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოში ვიყოთ, როგორც „სასამართლოს მეგობარი“. ეს ფუნქცია პირველად 2018 წელს გამოვიყენეთ და მაისში გვქონდა პირველი პრეცენდენტი, როდესაც დადებითად გადაწყდა ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაცია. გვსურს, „სასამართლოს მეგობრის“ ფუნქცია სხვა ინსტანციის სასამართლოებზეც გავრცელდეს. ამ კუთხით პარლამენტში ინიცირებულია ცვლილება კანონში და ვფიქრობთ, გაზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ბიზნესს ეს სერვისი შევთავაზოთ. თუ დავა ექნებათ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში, შეგვიძლია, ჩვენ რეკომენდაციებითა და ადვოკატით სახელმწიფო უწყებებთან მიმართებაში მათი პოზიცია გავაძლიეროთ“, – განაცხდა ლექვინაძემ bm.ge-თან საუბრისას.

























