ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ძნელაშვილი ლუდზე აქციზის განაკვეთის დაანგარიშების ახალი სტრუქტურის ამოქმედებას მიმდინარე წლიდან აანონსებს. როგორც ძნელაშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, ლუდის აქციზის ახალ სტრუქტურაზე გადასვლის ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული, რაც მიმდინარე წლიდან უნდა განხორციელდეს.
რაც შეეხება აქციზის განაკვეთის შემცირებას, რასაც ბიზნესი გასული წლიდან მოყოლებული ითქოვს, ძნელაშვილი განმარტავს, რომ, შეიძლება, ლუდზე აქციზის დაანგარიშების სტრუქტურა შეიცვალოს , მაგრამ იმგვარად, რომ განაკვეთი არ შეიცვალოს.
"აქ არის ორი საკითხი - ერთი თვითონ სტრუქტრის დადგენა და მეორე განაკვეთის ოდენობის შეცვლა. სტრუქტურას რაც შეეხება, ეს აუცილებლად შეიცვლება და განაკვეთი დადგინდება სიმკვრივის ანუ ლუდში ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით. რაც შეეხება განაკვეთის ოდენობას, ლუდის ინდუსტრია ითხოვს განაკვეთის ოდენობის შემცირებას, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მოთხოვნას. დავაყენეთ ეს საკითხი ეკონომიკური გუნდის წინაშე, თუმცა ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილება მიღებული. შეიძლება სტრუქტურა შეიცვალოს, მაგრამ იმდაგვარად, რომ განაკვეთი არ შეიცვალოს",-აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.

























