საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი ბიზნესისთვის დამატებით ტვირთად არ უნდა იქცეს.
ამის შესახებ ლექვინაძემ შრომის უსაფრთხოების კანონის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, 1 აგვისტოდან შრომის ინსპექტორებ უფლება აქვთ, კომპანიები გაუფრთხილებლად, მენეჯმენტის ნებართვის გარეშე შეამოწმონ.
„ყველა ვთანხმდებით, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ისეთ საწარმოებში, სადაც არის მომატებული საფრთხეები და შრომისათვის მავნე პირობები. არის თემები, რომლებსაც ბიზნესი სვამს კანონპროექტის ავტორების მიმართ. კერძო სექტორის მხრიდან არსებობს გარკვეული ტიპის შენიშვნები და ეს შენიშვნები არის საყურადღებო. ერთია, რომ არსებობს ფურცელზე კანონი, მაგრამ მეორეა, როგორი იქნება პრაქტიკაში მისი აღსრულების შესაძლებლობა. ახალი კანონი არ უნდა იქცეს ბიზნესისთვის დამატებით ტვირთად. იმიასთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს საწარმოების დაჯარიმება არ არის საკმარისი, მთავარია რომ მომატებული საფრთხის მქონე საწარმოებში დაიხვეწოს ტექნოლგიური პირობები ისე, რომ დასაქმებულებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემო შეიქმნას. ასევე, მნიშვნელოვანია რომ ინსპექტირების პროცესი მოქცეული იყოს სტანდარტში და კომპანიებს ბიზნეს საქმიანობის პროცესში ამან არ შეუქმნას პრობლემები“, - აცხადებს ლექვინაძე.
ბიზნესომბუდსმენი ფიქრობს, რომ კანონი არ უნდა გავრცელდეს ყველა სექტორზე, რადგან ამის საჭიროება არ დგას.
„ეს საკითხები ძალიან სენსიტიურად აღიქმება კერძო სექტორის მხრიდან. ბიზსნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად იყო ჩართული კანონპროქტის შემუშვების პროცესში. ჩვენ ბიზნესთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ყველა ეს შენიშვნა და ვმუშაობთ, რომ კერძო სექტორის პოზიცია გათვალისწინებული იყოს“, - აღნიშნა მან.

























