საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელ ნინო ზამბახიძის მიერ ტენდერებთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს ეხმაურება.
ლექვინაძე იზიარებს ზამბახიძის პოზიციას ბიუროკრატიასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ტენდერებს, ბიზნესომბუდსმენის პოზიციაა, რომ პრეტენზიების განხილვამდე კონსოლიდირებული ტენდერების მიმდინარეობა უნდა შეჩერდეს.
„ჩვენ გუშინ გვქონდა კომუნიკაცია ნინო ზამბახიძესთან. ბუნებრივია, ტენდერის ტექნიკურ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ზოგადად, ბიუროკრატიაზე გეტყვით, რომ სხვადასხვა უწყებების საშუალო რგოლში, ჩვენი ანალიზითაც, გარკვეულწილად ვაწყდებით იმ თემას, რასაც ჰქვია ბიუროკრატია და საჭიროა, უფრო მოქნილი მექანიზმები ბიზნესთან კომუნიკაციის ნაწილში.
მთავარი საკითხი, რაშიც ჩვენ ვეთანხმებით ნინო ზამბახიძეს, არის ის, რომ საკითხი რომელიც უკავშირდება კონსოლიდირებული ტენდერების გასაჩივრებას, სანამ პრეტენზიები განხილული არ იქნება, უნდა გაჩერდეს აღნიშნული ტენდერის მიმდინარეობა. ეს მექნიზმი დღეს პრაქტიკაში არ არსებობს შესყიდვების სააგენტოს კუთხით. ჩვენ ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ და გვექნება ამ კუთხით ერთობლივად აქტივობა და ამ ინიციატივას აქტიურად დავუჭერთ მხარს“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს და აცხადებს, რომ არსებული ბიუროკრატია ადგილობრივი წარმოების განვითარებას ხელს უშლის.
ნინო ზამბახიძის გადაწყვეტილება, გაყიდოს საკუთარი მეურნეობა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებულ ტენდერს უკავშირდება, რომელშიც მისი კომპანიაც მონაწილეობდა.

























